GEO
2021.12.01

მარკეტინგული ხელსაწყოები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

უკან დაბრუნება

სწორად შერჩეული მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება თქვენი ბიზნესის ზრდისთვისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ სტატიაში გაგაცნობთ მცირე ბიზნესებისთვის ეფექტურ მარკეტინგულ ხელსაწყოებს, ვინაიდან შესაძლოა დიდი ბიზნესების გამოცდილი მარკეტინგული მეთოდები მცირე ბიზნესებისთვის ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდეს. აღნიშნული ხელსაწყოები ხშირად გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნესების მარკეტინგში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოგიწევთ თქვენი ბიზნესისთვის დეტალური დაკვირვებითა და ანალიზით შეარჩიოთ მათ შორის საუკეთესო რელევანტური მეთოდები. 

კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი მომხმარებლებისთვის მოთხოვნადი და რელევანტური კონტენტის შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. აღნიშნული სტრატეგიის ეფექტურობა ძირითადად მომხმარებელთა სურვილებსა და ფასეულობებზე ორიენტირებულობისგან გამომდინარეობს. კონტენტ მარკეტინგი შეიძლება ეხებოდეს. კონტენტ მარკეტინგისთვის ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოები დაგეხმარებათ მარტივად და ეფექტურად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს. 

  1. Wordpress - ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კონტენტ მენეჯმენტის სისტემაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს მისაღებ ფასად მართონ საკუთარი ვებ-გვერდი და განათავსონ შესაბამისი კონტენტი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვებ-გვერდების 40% სწორედ Wordpress-ითაა აგებული. 

  2. CoSchedule - აღნიშნული პლატფორმა დაგეხმარებათ გაარკვიოთ რამდენად კითხულობს აუდიტორია თქვენს კონტენტს. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა გაანალიზოთ, რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ შერჩეული სათაურები. ამას გარდა, რეკომენდაციების მეშვეობით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ კონტენტ მარკეტინგთან დაკავშირებული სტრატეგიებიც. 

  3. BuzzSumo - ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რა საკითხები და თემებია ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად შექმნათ თქვენი კონტენტი. პლატფორმა ასევე გაგიმარტივებთ ინფლუენსერების აღმოჩენის, მიღებული მონაცემების ანალიზისა და მონიტორინგის პროცესებს.

  4. Canva - თუ თქვენი ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი არ არის პროფესიონალი დიზაინერების სერვისები, შეგიძლიათ აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენოთ. პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად შექმნათ გრაფიკული ნამუშევრები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. მაგრამ ცხადია, რომ ნამუშევრებს ნაკლებად ექნებათ ორიგინალური სახე, ვინაიდან პლატფორმა ზოგადი ტიპის მასალებზე გაძლევთ წვდომას. 

სოციალური მედია

სოციალური მედიის ხელსაწყოები გაძლევენ შესაძლებლობას მეტად ეფექტურად მართოთ და გაააქტიუროთ თქვენი გვერდები. გარდა სოციალური მედიის საიტებზე (Facebook, Instagram, LinkedIn) არსებული ხელსაწყოებისა, დამატებითი პლატფორმების გამოყენება გაგიმარტივებთ სოციალური მედიის მართვას. 

  1. Buffer - ეს პლატფორმა დაგეხმარებათ მარტივად გადაანაწილოთ და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი აქტივობები სოციალურ მედიაში. დროის დაზოგვისა და პროცესების ავტომატიზების გარდა, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შეგეძლებათ გაზარდოთ თქვენი აუდიტორიაც. 

  2. ContentCal- სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში მოცემული პლატფორმა დაგეხმარებათ. თქვენ და თქვენს ჯგუფს გექნებათ შესაძლებლობა ერთმანეთს ერთ სივრცეში გაუზიაროთ იდეები, განსაზღვროთ თითოული აქტივობის პერიოდი და შეადგინოთ კალენდარი. 

Email მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი სახეობაა. აღნიშნული მეთოდი პოტენციურ ან არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესალებლობები შექმნა, იმეილ მარკეტინგი ზოგიერთი ბიზნესისთვის ერთ-ერთ ძლიერ მარკეტინგულ სტრატეგიად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესების 64% მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმეილ მარკეტინგს იყენებს. ამას გარდა, იმეილ მარკეტინგის ხარჯები საკმაოდ დაბალია და მარტივია პროცესების ავტომატიზაცია, როდესაც საშუალოდ იმეილ მარკეტინგით გამომუშავებული მოგება ყოველ დახარჯულ 1$-ზე 36$-ს აღწევს. 

იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები კი გეხმარებათ აღნიშნული პროცესის გამარტივებასა და დროისა და ფულის დაზოგვაში. 

  1. MailChimp - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოა. უფასო ვერსიით შეგიძლიათ იმეილების შექმნა და მათი განრიგის გაწერა. აღნიშნული პლატფორმა რეკომენდაციების მეშვეობით გაწვდით საინტერესო ინფორმაციას და გეხმარებათ პროცესების ოპტიმიზაციაში. ამავდროულად, ხელსაწყო გაძლევთ შესაძლებლობას ავტომატური გახადოთ მეილების გაგზავნის პროცესი და მარტივად შექმნათ თქვენი მეილებისთვის დიზაინი.

  2. Hubspot - აღნიშნული პლატფორმა მარტივი და მოსახერხებელი ვიზუალითა და შაბლონებით გაგიმარტივებთ იმეილ მარკეტინგს. ამავე პლატფორმაზე ანგარიშის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) სერვისებზე, შექმნათ სიები, საკონტაქტო ბაზები, მართოთ და გაანალიზოთ თქვენი იმეილ მარკეტინგის სტატისტიკა. 

  3. Mailtracker - ეს მარტივი ხელსაწყო დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენჯერ ხსნიან თქვენს გაგზავნილ იმეილებს. მიღებული ინფორმაცია კი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო სტრატეგია იმეილ მარკეტინგისთვის. 

ანალიტიკა

მნიშნველოვანია, რომ თქვენი ბიზნეს აქტივობები და პროგრესი გაზომვადი იყოს. ამისათვის აუცილებელია შეგეძლოთ მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავება, რაშიც ანალიტიკური ხელსაწყოები დაგეხმარებათ. 

  1. Google Analytics - ერთ-ერთი საუკეთესო ანალიტიკური ხელსაწყოა, რომლის სერვისების გამოყენებაც უფასოდ შეგიძლიათ. აღნიშნული პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ ვინ სტუმრობდა თქვენს ვებ-გვერდს და როგორია მათი მახასიათებლები. ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, Google Analytics დაგეხმარებათ დახვეწოთ მარკეტინგული სტრატეგიები და გაზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება. 

  2. CrazyEgg - აღნიშნილი ხელსაწყო თქვენს ვებგვერდზე მომხმარმარებლების ქცევას აღრიცხავს და გეხმარებათ მიღებული ინფორმაციის გაანალიზებაში. კერძოდ კი, მოგაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ინფორმაციაა თქვენს ვებ-გვერდზე მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო და რა ინფორმაცია რჩება ყურადღების გარეშე.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ინტერნეტ მარკეტინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც გეხმარებათ თქვენი ვებ-გვერდის ხილვადობისა და აუდიტორიის ზრდაში. 

  1. Keywords Everywhere -  საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და ხელმისაწვდომი ხელსაწყოა. აღნიშნული ხელსაწყოს დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გააანალიზოთ რა სიტყვების გამოყენება დაგეხმარებათ მოიზიდოთ თქვენი პროდუქტით დაინტერესებული პოტენციური მომხმარებლები. 

  2. Google Trends - ეს ხელსაწყო აგროვებს მონაცემებს Google-ის მეშვეობით ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სიტყვების შესახებ. ამ პლატფორმის მეშვეობით შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა არის პოპულარული თქვენი რეგიონისთვისა და აუდიტორიისთვის. 

პროექტების მენეჯმენტი

საბოლოოდ, ყველა ტიპის ბიზნესს სჭირდება პლატფორმა, რომლის დახმარებითაც პროექტების მართვას შეძლებს. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროექტების მენეჯმენტის პლატფორმების ხელმისაწვდომი ან სულაც უფასო ვერსიების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მარკეტინგის გუნდის პროდუქტიულობას. 

  1. Slack - აღნიშნული პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა პროექტების მართვისთვის, რომელიც გაძლევთ ერთ სივრცეში კომუნიკაციის, დოკუმენტების გაზიარების, დაკომენტარებისა და სხვა აპლიკაციებთან დაკავშირების შესაძლებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმის თითქმის ყველა ფუქნცია უფასოა. 

  2. Trello - მცირე ბიზნესებისთვის მარტივად გამოყენებადი პლატფორმაა, რომელიც დისტანციურად ბრეინშტორმინგსა და ციფრული მარკეტინგის გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ. 

  3. Asana - ეს ხელსაწყო გამოგადგებათ გეგმების შედგენაში და თქვენს ბიზნეს ოპერაციებს ორგანიზებულობას შემატებს. 

  4. Google Drive - დამწყები ბიზნესებისთვის დოკუმენტების გაზიარებისთვის, კომენტარების დამატებისთვისა და საერთო ონლაინ სივრცის შექმნისთვის Google Drive ერთ-ერთი უფასო და მარტივი გამოსავალია. 

ზემოთ აღნიშნული ხელსაწყოებიდან საუკეთესოს არჩევა თქვენი ბიზნესის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ წარმატებულად შეძლოთ ოპტიმალური ვერსიის შერჩევა, ეცადეთ წინასწარვეე გააანალიზოთ თითიოეული პლატფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი რელევანტურობა და საჭიროება თქვენი ბიზნესის ზომისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია