ბიზნესის წარმატების საწინდარია წინასწარვე იცოდეთ პასუხები ისეთ კითხვებზე როგორიცაა:
-
რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენმა ბიზნესმა არსებობა შეძლოს?
-
რა თანხები გჭირდებათ ბიზნესის დასაწყებად?
-
ვინ იქნებიან თქვენი მომხმარებლები და როგორ შეძლებთ მათ მოზიდვას?
-
შეძლებთ თუ არა კონკურენცია გაუწიოთ უკვე არსებულ ბიზნესებს?
-
რა მიზნები გაქვთ თქვენი ბიზნესისთვის?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბიზნეს გეგმის შედგენა საუკეთესო გამოსავალია.
ბიზნეს გეგმა მეწარმეთათვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინსტრუმენტია, რაც უზრუნველყოფს პოტენციური სისუსტეების გამოვლენასა და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას. ამას გარდა, ხშირ შემთხვევაში ფინანსების მოძიების პროცესში გამართული ბიზნეს გეგმა კრიტიკულ როლს თამაშობს და ბიზნესმენებისთვის ქმნის შესაძლებლობას უკეთ განსაზღვრონ საწყისი კაპიტალის მოცულობა.
ბიზნეს გეგმას შესაძლოა ბევრნაირი სახე ჰქონეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ბიზნეს გეგმა შეიცავს შემდეგ ელემენტებს:
-
რეზუმე
-
კომპანიის აღწერა
-
ბაზრის ანალიზი
-
კონკურენტების ანალიზი და მათი პოზიცია ბაზარზე
-
პროდუქტის ან სერვისის აღწერა
-
მარკეტინგული სტრატეგია
-
ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი
-
საოპერაციო გეგმა
-
მენეჯმენტი და პერსონალი
-
ფინანსური გეგმა და ბიზნესის ბიუჯეტის განხილვა ფინანსურ ცხრილებთან ერთად
ეფექტური გეგმის შესადგენად კი აუცილებელია დეტალურად გავიაზროთ ბიზნეს გეგმის ყოველი კომპონენტის მნიშვნელობა.
-
რეზუმე
ბიზნესის რეზუმე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს. პირველ რიგში, ეცადეთ პროექტის შესავალში ლაკონურად და გასაგებად მიაწოდოთ მკითხველს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
-
კომპანიის დასახელება
-
კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (მაგ: მიუთითეთ თქვენი კომპანია ინდივიდუალური საწარმოა თუ შ.პ.ს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება)
-
კომპანიის მფლობელები ან მფლობელი
-
კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში
-
პროექტის მომზადების თარიღი.
რეზუმეს ძირითადი ნაწილი კი დაუთმეთ პროეტქის მოკლე აღწერას. ეცადეთ მოკლე შინაარსი ბიზნეს გეგმის დასრულების შემდეგ დაწეროთ, რათა უკეთ მოახერხოთ მთელი გეგმის შეჯამება და მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა. სასურველია, ბიზნეს გეგმის რეზუმე ერთ ან ორ გვერდს შეადგენდეს და მოკლედ აღწერდეს ბიზნეს-გეგმაში განხილულ ყოველ კომპონენტს.
-
კომპანიის აღწერა
კომპანიის აღწერის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია კომპანიის მისია და ხედვა. სწორედ ეს ელემენტები წარმოაჩენს თქვენი კომპანიის იდენტობასა და მიზნებს.
კომპანიის ხედვის სწორად წარმოჩენა ამარტივებს ბიზნეს იდეის მიზნების კომუნიკაციას დამფინანსებლებთან, თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან. კომპანიის ხედვა განსაზღვრავს იმ გრძელვადიან მიზანს, რისკენაც მიილტვის ბიზნესი. მაგალითად, Microsoft-ისთვის პირველადი ხედვა “ყველა ოფისსა და სახლში კომპიუტერების არსებობა” იყო.
კომპანიის მისია კი მოკლედ და კონკრეტულად უნდა ასახავდეს ბიზნესის სტრატეგიას, რა მიზანსა და მომხმარებლების ჯგუფს ემსახურება კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტი ან სერვისი. საწყის ეტაპზე ბიზნესის მისიის ჩამოყალიბება ამარტივებს ოპერირების პროცესს და მიმართულებას აძლევს კომპანიას.
ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მისია და ხედვა ამბიციურთან ერთად რეალისტურიც უნდა იყოს. ბიზნეს გეგმაში კი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი ის საფეხურები რის გავლასაც კომპანია აპირებს იმისათვის, რომ საკუთარ გრძელვადიან მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, იყავით მზად, რომ შესაძლოა ბიზნესის განვითარების მაღალ საფეხურებზე, მისიისა და ხედვის გადახედვა და გავრცობაც კი მოგიწიოთ.
კომპანიის აღწერისას ასევე მნიშვნელოვანია მმართველი გუნდის წამყვანი წევრების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაც. მაგალითად, ისეთი ფაქტების (კომპანიის მმართველების ან მმართველის CV) წარმოჩენა, რომელიც დაარწმუნებს დამფინანსებელს, რომ კომპანიის მმართველობას აქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა და რესურსები, იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებულად მართოს. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს თქვენი ბიზნესის დაფინანსების შანსებიც.
-
ბაზრის ანალიზი
ბიზნესის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია შეისწავლოთ ბაზარი. ბაზრის ანალიზი დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ არსებული შესაძლებლობები და მათი გამოყენების ხარჯზე ბიზნესს წარმატება მოუტანოთ.
ბიზნეს იდეის განვითარებისას ეცადეთ თქვენს პროდუქტსა ან სერვის მომხმარებლის პერსპექტივიდან შეხედოთ და დარწმუნდეთ რომ თქვენი ბიზნესი ნამდვილად ერგება მომხმარებელთა საჭიროებასა და სურვილებს. ბაზრის კვლევა სწორედ ამ მიზნის მისაღწევადაა ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი. შედეგად, ბიზნესის დაწყებამდე გექნებათ წარმოდგენა რა სჭირდებათ მომხმარებლებს და ამის მიხედვით განავითარებთ ბიზნეს იდეას, რომელიც გადაჭრის მომხმარებლის პრობლემას. ამასთანავე, შეძლებთ დაინახოთ და გამოიყენოთ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები, უკეთ გაეცნოთ არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რათა მომზადებული შეხვდეთ ბიზნესის ოპერირებისას წარმოქმნილ პოტენციურ პრობლემებს.
ამას გარდა, იმის წარმოსაჩენად, რომ თქვენი პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია ბაზარზე, პირველადი კვლევის (მაგ: პოტენციური მყიდველების მცირე გამოკითხვის) ჩატარება და შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაძლოა ასევე სცადოთ პროდუქტის პროტოტიპის გაყიდვაში ჩაშვება ან ფასდაკლებული სერვისის შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის, ხოლო მათი უკუკავშირის ანალიზის შედეგად კი გააუმჯობესოთ პროდუქტი ან სერვისი. ამ ტაქტიკას კომპანიები ძალიან ხშირად იყენებენ. დამწყები საკვები პროდუქტების მწარმოებლები ახალი პროდუქტის გაყიდვისას აწყობენ დეგუსტაციებს, შემდეგ კი აკვირდებიან მომხმარებელთა შეფასებებს. მაგალითად, ერთ-ერთი უახლესი ქართული კომპნია “ჩიზზზი”, რომელიც მომხმარებლებს სწრაფად მომზადებად აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობს, პირველად სწორედ საჭმლის ფესტივალზე გამოჩნდა და პირველი მომხმარებლების შეფასებები იმ სივრციდან მიიღო, სადაც ბევრი გურმანი იკრიბებოდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტაქტიკა მომხმარებელთა საჯარო კმაყოფილების გამოხატვის ხარჯზე სამომავლოდ ბიზნესის განვითარებაზეც დადებითად აისახება.
-
კონკურენტების ანალიზი და მათი პოზიცია ბაზარზე
კონკურენტების ანალიზი ბიზნეს გეგმას მეტად ეფექტურს ხდის. კონკურენტების მიერ შეთავაზებული პროდუქციისა თუ მომსახურების შეფასების შემდეგ, უკეთ შეძლებთ წარმოაჩინოთ რით განსხვავდებით ბაზარზე უკვე არსებული კომპანიებისგან, რით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი ან სერვისი, რა განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს და რით აუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ჩამოთვლილი კომპონენტები მეტად დამაჯერებელს ხდის ბიზნესის წარმატებას, რაც უმნიშვნელოვანესია საწყისი დაფინანსების ეტაპზე.
თუ თქვენ გეგმავთ ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტის შეთავაზებას, ამ შემთხვევაში ბიზნეს გეგმაში აუცილებლად უნდა ჩანდეს პროდუქტის ფასის კონკურენტუნარიანობა და შესაბამისად უნდა იყოს აღწერილი თუ როგორ მოახერხებთ წარმოების ხარჯების ეფექტიანად შემცირებას. ბიზნეს გეგმის ამავე ნაწილში შესაძლოა განხილული იყოს სხვა ბიზნესების უპირატესობებიც და ამ კუთხით საკუთარი ბიზნესის განვითარების გეგმა.
-
პროდუქტის ან სერვისის აღწერა
გემის ამ ნაწილში უნდა აღწეროთ რა სახის პროდუქციას ან მომსახურებას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს. ეცადეთ ხაზი გაუსვათ როგორ აკმაყოფილებს თქვენი პროდუქტი მომხმარებელთა მოთხოვნილებებსა და სურვილებს.
ამავე ნაწილში წარმოაჩინეთ პროდუქტის ფასი და ხარისხიც, ასევე სურვილის შემთხვევაში ამ ნაწილშიც მიუთითეთ როგორ განსხვავდება თქვენ მიერ შეთავაზებული ფასი და ხარისხი კონკურენტის მსგავსი შეთავაზებისგან. აქვე შეგიძლიათ აღწეროთ პროდუქტის მიწოდების პირობები და შეფუთვაც. მაგალითად, თუ თქვენ გეგმავთ მომხმარებელთათვის პროდუქტის საკურიერო მომსახურებით შეთავაზებას, ეცადეთ ბიზნეს გეგმის ამ ნაწილში კარგად აღწეროთ ტრანსპორტირებისთვის რამდენადაა შესაფერისი თქვენ მიერ არჩეული შეფუთვა. მეტი დამაჯერებლობისათვის, შეგიძლიათ წარმოაჩინოთ პროდუქტის პროტოტიპის ფოტო-სურათებიც.
-
მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმა დაგემხარებათ სამომავლოდ უკეთ წარმართოთ მარკეტინგული აქტივობები, მათ შორის მომხმარებლთათვის ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება. ბიზნეს გეგმის ამ კომპონენტში შეაფასეთ არსებული მარკეტინგული სიტუაცია, ჩამოაყალიბეთ მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა, სადაც ასევე განიხილავთ ბიუჯეტს.
ეცადეთ სწორად გამოყოთ მომხმარებელთა სეგმენტი, რომლის მომსახურებასაც გეგმავთ. შემდეგ კი მათი მახასიათებლების მიხედვით შეარჩიეთ მარკეტინგული გეგმა. პოტენციური მყიდველების კლასიფიკაცია და სეგმენტაცია დაგეხმარებათ მეტად ეფექტურად აწარმოოთ გაყიდვები, მიაწოდოთ მათ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, შეიმუშაოთ მათზე მორგებული რეკლამირების სტრატეგია და ეფექტიანად გამოიყენოთ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები.
ბიზნეს გეგმის წერისას მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინება უზრუნველყოფს ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მომხმარებლამდე მიწოდების გეგმის ინვესტორთათვის გაცნობას. აღსანიშნავია, რომ გამართული მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე ბიზნეს ოპერაციების წარმოება გაცილებით მეტ პოტენციურ რისკთან და გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. ამ რისკების შემცირება კი შესაბამისად გაზრდის კომპანიის წარმატების შანსებს. გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელთა სეგმენტის ზედაპირული შერჩევა და მარკეტინგული გეგმის გარეშე მოქმედება შესაძლოა თქვენს ბიზნესს ძვირი დაუჯდეს, ვინაიდან თქვენ ნამდვილ პოტენციურ მომხმარებელებამდე ვერ შეძლებთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებას.
-
ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი
ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT) ანალიზი ბიზნეს გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ანალიზის შედეგად თქვენ შეძლებთ უკეთ გაიაზროთ კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროთ სამომავლო შესაძლებლობები და მოსალოდნელი საფრთხეები.
ძლიერ მხარეებში შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი კომპანიის უპირატესობები. ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემდეგ, ეცადეთ შეამციროთ ან აღმოფხვრათ მათი ნაწილი მაინც, რათა მომავალში ამასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეგექმნათ.
ამას გარდა, აღწერეთ თქვენი რეალისტური მოლოდინები ბიზნესის სამომავლო შესაძლებლობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით. დღევანდელი მაგალითით, საფრთხეების აღწერისას შესაძლოა COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებული შესაძლო შეზღუდვებიც განიხილოთ.
-
საოპერაციო გეგმა
საოპერაციო პროცესი მოიცავს წარმოების ციკლის სრულ ჯაჭვს, პროდუქციის წარმოებიდან დაწყებული მისი მომხმარებლებამდე მიწოდებით დამთავრებული. შესაბამისად, ბიზნეს გეგმის წერისას მნიშვნელოვანია წარმოვაჩინოთ საოპერაციო საკითხების სწორად მართვის სტრატეგია.
ეფექტური ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს ბიზნესის ოპერირების პერიოდში რესურსების, მათ შორის ადამიანური, მართვის სტრატეგიასაც. გეგმის ეს ნაწილი თვალსაჩინოს გახდის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოების პროცესში. საწყის ეტაპზე საჭირო რესურსებისა და ოპერირების პერიოდში წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხო ქმედებების აღწერა მეტად დამაჯერებელს ხდის ბიზნესის წარმატებას.
-
მენეჯმენტი და პერსონალი
ინვესტორებისა და კრედიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის პოტენციალის განსაზღვრისას მმართველი ჯგუფი და მათ მიერ წარმოდგენილი მენეჯმენტის სტრატეგია, რომელიც მოიცავს რესურსების მართვას, დიდ როლს თამაშობს.
აქვე შეგიძლიათ აღწეროთ საწარმოს სტრუქტურა:
-
მმართველი გუნდი, მათი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
-
თანამშრომელთა სავარაუდო რაოდენობა
-
თანამშრომელთა გადამზადებისა და წახალისების სისტემა
-
შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა მეტად თვალსაჩინოს გახდის ბიზნესის ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
-
ფინანსური გეგმა და ბიზნესის ბიუჯეტის განხილვა ფინანსურ ცხრილებთან ერთად
ფინანსური პროგნოზები და შეფასებები ეხმარებათ მეწარმეებს, ინვესტორებსა და კრედიტორებს უკეთ გააცნობიერონ ბიზნესის წარმატების პოტენციალი. როდესაც ბიზნესი ცდილობს მოიპოვოს გარე დაფინანსება, ფინანსური ანალიზი ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია.
ბიზნეს გეგმა უნდა შეიცავდეს ბუღალტრულ ბალანსს, საშემოსავლო დეკლარაციას, ფულადი ნაკადების ბალანსს, საოპერაციო ბიუჯეტსა და ნულოვანი მოგების ანალიზს. ყოველი ეს კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნეს პროცესების პოტენციური წარმატების განსაზღვრაში. სწორედ ფინანსური ანალიზი დაგეხმარებათ გაიგოთ როდის შეძლებთ მოგებაზე გასვლას.
ამავდროულად, ეცადეთ რეალისტური პროგნოზები გააკეთოთ, თავი აარიდეთ ზედმეტად ოპტიმისტურ შეფასებებს და ეცადეთ სერიოზულად მიუდგეთ ფინანსურ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალთა ჯგუფს, ვინც დაგეხმარებათ უკეთ გააანალიზოთ ბიზნესის პოტენციალი და რეალისტურად შეაფასოთ შემოსავლები და ხარჯები. ასევე აღსანიშნავია, რომ პროფესიონალურად და გააზრებულად შექმნილი ფინანსური ანგარიშგებები ზრდის დაფინანსების შანსებს.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნეს გეგმის ყოველი კომპონენტი რეალისტური, კვლევებზე დაფუძნებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. შედეგად, შეძლებთ დაინტერესებულ მხარეებს ეფექტურად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენ ბიზნეს იდეასა და გეგმასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ეფექტური ბიზნეს გეგმა უზრუნველყოფს დაფინანსების მარტივად მოპოვების შანსების ზრდასა და ოპერირების პერიოდში წარმოქმნილი გამოწვევებისა და სირთულეების მიმართ მზაობას.