GEO
2021.12.01

რა უნდა გაითვალისწინოთ სამიზნე ბაზრის შეფასებისას

უკან დაბრუნება

ბაზრის ანალიზი ბიზნესის სწორად დაგეგმარებისა და წარმატებულად მართისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ბაზრის ანალიზი დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტი გახადოთ მეტად კონკურენტუნარიანი და ბაზარზე თქვენი ადგილი დაიკავოთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბაზრის კვლევა უბრალო ფორმალობად მოგეჩვენოთ, გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესის უკეთ წარმართვაში უდიდეს როლს სწორედ ბაზრის ანალიზი თამაშობს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეტაპობრივად გაივლით და შეისწავლით ბაზრის კვლევის ძირითად კომპონენტებს, დაგეგმარების პროცესი მეტად გაგიმარტივდებათ. 

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იცოდეთ, თუ რა კითხვებს პასუხობს ეფექტური ბაზრის კვლევა, რათა შემდეგ შეძლოთ თქვენთვის პრიორიტეტული მიზნების სწრაფად მისაღწევად ოპტიმალური ტექნიკებისა თუ სტრატეგიების შერჩევა. წარმატებულად განხორციელებული ბაზრის კვლევა მოგცემთ შესაძლებლობას უპასუხოთ შემდეგ უმნიშვნელოვანეს შეკითხვებს: 

  • ვინ არის თქვენი პროდუქტის ან სერვისი პოტენციური მომხმარებელი?

  • როგორია პოტენციურ მომხმარებელთა ქცევა და პროდუქტის შეძენისას რას აქცევენ ყველაზე დიდ ყურადღებას?

  • რამდენად დიდია თქვენი ბიზნესის სამიზნე ბაზარი და არის თუ არა მათი რაოდენობა საკმარისი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

  • რამდენს გადაიხდიან ისინი თქვენი პროდუქტის შესაძენად?

  • რა არის თქვენი პოტენციური მომხმარებლების პრობლემები და გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც შესაძლოა თქვენი პროდუქტით შეძლოთ?

  • ვინ არიან თქვენი კონკურენტები, როგორ ოპერირებენ ბაზარზე და რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები?

ამ კითხვებზე პასუხების მოძიების შემდეგ თქვენ შეძლებთ დაზოგოთ რესურსები და თქვენი პროდუქტი ან სერვისი პირდაპირ მიიტანოთ იმ მომხმარებლებამდე, ვისაც ნამდვილად სჭირდება ის. ამას გარდა, ბაზრის კვლევა დაგეხმარებათ წინასწარვე შეაფასოთ დაახლოებით რა ზომის იქნება თქვენი სამიზნე ბაზარი და შესაბამისად გამოითვალოთ სავარაუდო შემოსავალიც. ამას გარდა, ბაზრის ანალიზი მნიშვნელოვანი მექანიზმია თქვენი ბიზნესის პოტენციურ დამფინანსებლების მოსაზიდად და მათ დასარწმუნებლად ინვესტიციების განხორციელებისას.

რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ბაზრის ანალიზი?

შედეგზე ორიენტირებული ბაზრის ანალიზი უნდა მოიცავდეს ინდუსტრიის მიმოხილვას, სამიზნე მარკეტის შეფასებას, კონკურენტთა ანალიზს, ინდუსტრიაში ოპერირებისთვის აუცილებელი რეგულაციების გამოკვლევასა და თქვენი ბიზნესის პროგნოზებს. 

  1. ინდუსტრიის აღწერა და მიმოხილვა

ბაზრის ანალიზის ამ ნაწილში ეცადეთ მოკლედ განიხილოთ, თუ რა ზომისაა შესაბამისი ინდუსტრია, როგორ ვითარდება და რა მოლოდინები არსებობს მასთან დაკავშირებით. უნდა გამოიკვლიოთ, რამდენად აქვს არსებულ ბაზარს გაზრდის საშუალება და რამდენად მომგებიანია არსებული პირობები ინვესტიციების განსახორციელებლად და მოსაზიდად. მსგავსი ინდიკატორების შესწავლა ნათლად წარმოაჩენს, რომ თქვენი ბიზნეს გეგმა რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

არ იფიქროთ, რომ მსგავსი ინფორმაციის მოძიება სირთულეებთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით, ინდუსტრიების შესახებ ინფორმაცია ღიადაა ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში. შეგიძლიათ, ბაზრის ანალიზის ამ ნაწილის მომზადებისას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (https://www.geostat.ge/ka) არსებული მონაცემებიც გამოიყენოთ. ამას გარდა, სხვადასხვა სექტორების შესახებ უკვე არსებობს დიდი რაოდენობის ანგარიშები და კვლევები - მათ შორის ისეთ დიდ ინდუსტრიებზე როგორიცაა: ტურიზმი და მასპინძლობა, საკვები პროდუქტების წარმოება და მეღვინეობა და ა.შ. 

  1. სამიზნე ბაზრის (target market) არჩევა და ანალიზი

სამიზნე ბაზრის სწორად არჩევა, შეიძლება ითქვას, თქვენი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ბაზრის ანალიზის ამ ნაწილში ეცადეთ კონკრეტულად გამოყოთ მომხმარებელთა ის ჯგუფი, ვისთვისაც თქვენი პროდუქტი ან სერვისი მოთხოვნადი და სასურველი იქნება. ძალიან ხშირად დამწყებ მეწარმეებს ჰგონიათ, რომ მათი პროდუქტი იმაზე მეტი ადამიანისთვისაა სასურველი, ვიდრე რეალურად. სწორედ ამიტომ, ეცადეთ გამოყოთ კონკრეტული ჯგუფები და თქვენი მარკეტინგული გეგმაც მათ მოარგოთ. სამიზნე ბაზრის განსაზღვრით უკეთ ჩამოიყალებებთ სამოქმედო გზებს, უფრო რეალისტურ მიზნებს დასახავთ და თქვენს რესურსებს პირდაპირ მათკენ მიმართავთ. ამასთანავე, სამიზნე ბაზრის დავიწროებით თქვენ შეძლებთ თავიდან აირიდოთ პროდუქტის დარეკლამებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული ფუჭი ხარჯები. 

მომხმარებელთა დიდი ჯგუფის გაფილტვრისას და თქვენთვის შესაბამის სამიზნე ბაზრამდე მისასვლელად შეგიძლიათ რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინოთ:

  • რა ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება გათვლილი თქვენი პროდუქტი ან სერვისი?

  • რა შემოსავლის მქონე პირების მოთხოვნებს ერგება თქვენი პროდუქტი ან სერვისი?

  • რა ლოკაციაზე და რა პერიოდში იქნება თქვენი პროდუქტი ყველაზე მოთხოვნადი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თქვენ მოახერხებთ სამიზნე ჯგუფის არჩევას. ეს კი მოგცემთ შესაძლებლობას დამატებით გასცეთ პასუხი ბიზნესის ოპერირებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს კითხვებს როგორიცაა:

  • დაახლოებით რამდენს ხარჯავენ პოტენციური მყიდველები თქვენი პროდუქტის მსგავსი ნაწარმის შეძენისას? რამდენს გადაიხდიან ისინი თქვენ მიერ შეთავაზებულ პროდუქტსა ან სერვისში?

  • რამდენად დიდია თქვენი სამიზნე მარკეტი? შეძლებს თუ არა თქვენი ბიზნესი არსებობას ამ მოცულობის მოთხოვნის გათვალისწინებით?

გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი საკითხების კვლევა თქვენი დაკვირვებებითაც არის შესაძლებელი. კერძოდ კი, მომხმარებელთა ქცევისა და მახასიათებლების შეფასებითა და ბაზარზე არსებულ ფასებზე დაკვირვებით, თქვენ შეძლებთ უკეთ გაიაზროთ, თუ ვისთვისაა საჭირო თქვენი პროდუქტი და დაახლოებიტ რამდენად უღირტ მათ ამ პროდუქტის შეძენა. 

  1. კონკურენტების ანალიზი

ბიზნეს გეგმის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი მთავარი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტების ანალიზი. მათზე დაკვირვებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ რა არის თქვენი მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები. შესაბამისად, შეგეძლებათ თქვენი პროდუქტი ან ბიზნესის მენეჯმენტი შეცვალოთ ისე, რომ კონკურენტებზე უპირატესი აღმოჩნდეთ. მაგალითად, შეგეძლებათ, მომხმარებელს შეთავაზოთ ისეთი რამ, რასაც სხვები არ სთავაზობენ. მსგავსი დეტალები დიდ დახმარებას უწევს ბიზნესს განვიტარებისსწორი გზის პოვნაში. 

თქვენ მთავარ კონკურენტებზე დაკვირვება მოგცემთ შესაძლებლობას წინასწარვე იცოდეთ:

  • რა ფასებია მისაღები მომხმარებლებისთვის,

  • დისტრიბუციის რომელი არხებია ყველაზე ეფექტური, 

  • როგორ იყენებენ რეკლამირებას პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და რა მეთოდებია ყველაზე შედეგისმომცემი.

ამის მიღწევა შესაძლებელია თქვენი კონკურენტი კომპანიების სტრატეგიებზე დაკვირვებით. ცხადია, ამის შესაძლებლობას ისევ ინტერნეტსივრცე მოგცემთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ დაზოგოთ რესურსები და დაიხმარეთ პროფესიონალთა ჯგუფი. ვინაიდან, ბაზრის კვლევა ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და უდიდეს როლს ასრულებს ბიზნესის წარმატებაში. 

  1. გასათვალისწინებელი რეგულაციები

ბიზნესის დაწყებამდე აუცილებლად შეისწავლეთ რა ვალდებულებები დაგეკისრებათ და რა რეგულაციები შეგეხებათ, როდესაც ინდუსტრიის ნაწილი გახდებით. ბაზრის კვლევის ეს ნაწილი დაგეხმარებათ უკეთ განსაზღვროთ თქვენი ხარჯები და თავიდან აირიდოთ იურიდიული პრობლემები. მაგალითად, თუ თქვენ აპირებთ ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გაყიდვას, ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე არ გექნებათ ოპერირების ოფიციალური უფლება. ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე შეგეძლებათ (https://matsne.gov.ge/

  1. პროგნოზები

ყველა ზემოთ აღნიშნული ნაწილის ანალიზი დაგეხმარებათ შედარებით რეალისტურად წარმოაჩინოთ თქვენი სამომავლო შემოსავლები და ხარჯები. როდესაც კვლევებზე დაკვირვების შედეგად გეცოდინებათ, დაახლოებით რა ზომის იქნება თქვენი სამიზნე ბაზარი და რა თანხას გადაიხდიან თქვენი პროდუქტის შესაძენად, მარტივად შეძლებთ დაითვალოთ ბიზნესის სავარაუდო შემოსავალი. გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზების კვლევებზე დამყარება მეტად რეალისტურს გახდის თქვენს გამოთვლებს, რაც დადებითად აისახება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის დაგეგმარების პროცესებზე.

საბოლოოდ, გახსოვდეთ, რომ სამიზნე ბაზრის შეფასება და შესწავლა ბიზნესის წარმატებისათვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. ბაზრის კვლევა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი არ არის და მისი დაწერა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზემოთ აღნიშნული ეტაპების გავლა და რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ უკეთესად დაგეგმოთ თქვენი ბიზნეს-საქმიანობა, შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ შემოსავლები. 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია