ახალი ბიზნესების დიდი ნაწილი წარუმატებელია. მათი ხშირი პრობლემა გეგმის არარსებობაა. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობით, ორგანიზებულობითა და მომზადებულად დაიწყებთ ბიზნესს, მით უფრო გაიზრდება თქვენი წარმატების შანსები.
ბიზნესის წარმატებულად დასაწყებად აუცილებელია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა ფინანსური, სამართლებრივი, მარკეტინგთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ გზამკვლევში ვეცადეთ დეტალურად გაგვეზიარებინა ყველა ის საფეხური, რაც დამწყებ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ დაგეგმვასა და დაფუძნებას უზრუნველყოფს.
ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევების გააზრება
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავიაზროთ, თუ რა რესურსებს მოითხოვს ბიზნესის დაწყება და მართვა. გამოწვევების მიმართ მზაობა თავიდან აგვარიდებს ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზე წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ პრობლემებსა და ბარიერებს.
ამ გამოწვევებს შორისაა ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა:
-
უნიკალური და კონკურენტუნარიანი პროდუქტის ან სერვისის შექმნა;
-
პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებლამდე მიწოდებისათვის წინასწარი დეტალური გეგმის განსაზღვრა;
-
ისეთი თანამშრომლების შეკრება, რომლებსაც ესმით კომპანიის მიზნები და მზად არიან ხელი შეუწყონ კომპანიის განვითარებას;
-
დროის ეფექტური მენეჯმენტი;
-
ბიზნესის თანადამფუძნებელთა შორის შემოსავლის გაყოფის წინასწარ შეთანხმება, რათა შეამციროთ მომავალში ბიზნესის მფლობელებს შორის გაურკვევლობისა და წინააღმდეგობის შანსები.
-
ბიზნესისთვის სახელის შერჩევა
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სწორი სახელის შერჩევა. ეცადეთ აირჩიოთ მარტივი და კრეატიული სახელი, მაგრამ ამავდროულად ეცადეთ არ შეარჩიოთ ძალიან კონკრეტული სახელი, რადგან ამან შესაძლოა განვითარების პროცესში შეზღუდოს ბიზნესი (მაგ: თავი აარიდეთ სახელში ქალაქის ან კონკრეტული პროდუქტის ხსენებას, რადგან მომავალში თქვენმა ბიზნესმა შესაძლოა სხვა ლოკაციები და პროდუქტებიც კი მოიცვას). საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ იყენებს თუ არა სხვა ბიზნესი იგივე სახელწოდებას. ამის შემოწმება „.com” an “.ge” დომენების მეშვეობითაც შეგიძლიათ.
ეცადეთ სახელი დააკავშიროთ თქვენს პროდუქტთან ან სერვისთან. ასევე შეგიძლიათ სახელის მოფიქრებისას კონცენტრირდეთ იმაზე, თუ რით გამოირჩევით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად კრეატიულობაზე მნიშვნელოვანი, თქვენი საქმიანობისა და პროდუქტის სწორი წარმოჩენაა. თქვენი პროდუქტის ან სერვისის სახელში უნდა ჩანდეს რა ტიპის პროდუქტს აწარმოებთ. შეგიძლიათ ასევე სახელშივე გამოყოთ ვისთვისაა თქვენი პროდუქტი შექმნილი.
მოფიქრებული ვარიანტებიდან საუკეთესოს ასარჩევად აუცილებლად ჩაატარეთ მცირე „კვლევა“ ახლობლებსა და თანამშრომლებს შორის, რათა უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ პოტენციური მომხმარებლების პრეფერენციებზე.
სახელის მოფიქრების შემდეგ, ბრენდინგის სხვა კომპონენტების ჩამოყალიბებაც უმნიშვნელოვანესია. ბრენდინგი მარკეტინგული პრაქტიკაა, რომელიც მოიცავს კომპანიის სახელის, ლოგოს და დიზაინის შექმნა. ბრენდინგის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ჩამოაყალიბოთ და შეცვალოთ, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები თქვენს ბრენდს. ლოგოს დიზაინის არჩევისას ეცადეთ ეფექტურად გამოხატოთ თქვენი კომპანიის პროდუქტისა თუ სერვისის იდენტობა და მიმზიდველობა. სწორედ არჩეული თვალშისაცემი ლოგო ასევე დაგეხმარებათ მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები და გაზარდოთ თქვენი ცნობადობა, რაც პირდაპირ აისახება თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.
ბაზრის ანალიზი
ბიზნესის დაწყებამდე აუცილებელია დავაკვირდეთ ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებს, კარგად გავიაზროთ რას სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს და რით განსხვავდება თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი სხვებისგან. შედეგად, შეგვეძლება უკეთ განვსაზღვროთ ბაზარზე რა პოზიციას დაიკავებს თქვენი ბიზნესი და როგორ მოახერხებთ პროდუქტის ან სერვისის დიფერენცირებას. ამავდროულად, ბაზრის ანალიზი გაამარტივებს პოტენციური მომხმარებლების კლასიფიკაციას, მათი სურვილებისა და ქცევითი პროფილის უკეთ გააზრებას და საჭიროების შემთხვევაში ბიზნესისთვის ოპტიმალური ლოკაციის შერჩევას. პოტენციურ მომხმარებელთა პირველადი ან/და მეორეული კვლევა დაგეხმარებათ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ, რაც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი.
ამავდროულად, ბაზრის ანალიზის დახმარებით შეგეძლებათ დავრწმუნდეთ, რომ ბიზნეს იდეა უნიკალურია ან დააკვირდეთ, არსებობის შემთხვევაში, რა გახდა მსგავსი იდეის წარუმატებლობის მიზეზი, ვეცადოთ ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე და შესაბამისად დავგეგმოთ ბიზნესის ჩამოყალიბებისა და ოპერირების პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, ბიზნეს კვლევის შედგენისას შეგიძლიათ პროფესიონალთა ჯგუფსაც მიმართოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბიზნეს კვლევის ჩატარებისას მოგიწევთ შემდეგი ფაქტორების ანალიზი:
-
ბაზარზე არსებული პროდუქტების, საწარმოების/კონკურენტების შედარება, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ჩამოწერა. ინფორმაციის მოპოვება ფასებზე, მარკეტინგულ სტრატეგიებზე და კომპანიების მახასიათებლებზე დაკვირვებით შეგიძლიათ.
-
ინდუსტრიის მოცულობა, ადგილობრივი წარმოების შესწავლა, რის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშებიდან;
-
მომხმარებლების, სამიზნე სეგმენტებისა და მყიდველთა მახასიათებლების ანალიზი, რასაც დაკვირვებით, უკვე არსებული ან თქვენ მიერ ჩატარებული ანალიტიკური კვლევების მეშვეობით შეძლებთ.
იურიდიული საკითხების შესწავლა
უპირველეს ყოვლისა, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება აუცილებელი პროცედურაა, რაც თქვენმა ბიზნესმა უნდა გაიაროს. საქართველოში რეგისტრაციის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მეწარმე სუბიექტის ტიპის არჩევამდე, აუცილებელია გაიაზროთ რა ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს მეპატრონეს და რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია კონკრეტულ მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციას. მაგალითად, ინდივიდუალურ მეწარმეობასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს) შორის არჩევანის გასაკეთებლად უნდა იაზრებდეთ მათ მახასიათებლებს, უპირატესობებს, ნაკლოვანებებს, რა დოკუმენტაციაა საჭირო რეგისტრაციისთვის. ხშირად, პოტენციური პრობლემების ასარიდებლად, უმჯობესია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიონალებთან გაიაროთ კონსულტაცია.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ დაბეგვრის რა რეჟიმები არსებობს და რომელში ხვდება თქვენი ბიზნესი. გადასახადები შესაძლოა მოიცავდეს საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, აქციზს, იმპორტის გადასახადსა და ქონების გადასახადს.
ამას გარდა, გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიერ რეგულირებად საქმიანობებისათვის ლიცენზიებისა (მაგ: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, სააღმზრდელო საქმიანობისთვისა და კერძო და სათემო მაუწყებლობისთვის) და ნებართვების (მაგ: გარე რეკლამის განთავსებისთვის, მშენებლობისთვისა და გარემოზე ზემოქმედებისათვის) მოპოვებაც.
ბიზნეს გეგმის შედგენა
ზემოაღნიშნული ინფორმაციების გათვალისწინებით, ბიზნესის დაწყებამდე საჭიროა მომზადდეს ბიზნეს გეგმა, სადაც დამატებით განხილული იქნება სამოქმედო პროგრამა, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების SWOT (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზი, რისკების ანალიზი, პოტენციური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სტარტაპ ხარჯების ანალიზი, შემოსავლისა და გასავლის პროგნოზი, ფინანსების დაგეგმვა, სასტარტო კაპიტალის დათვლა და ფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებული საკითხები. ეფექტური ბიზნეს გეგმა ზრდის იდეების წარმოჩენის, განხორციელებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.
მიუხედავად ამისა, ბიზნესები მუდმივად მზად უნდა იყვნენ გადაუხვიონ წინასწარ შექმნილ ბიზნეს გეგმას იმ შემთხვევაში, თუ განვითარების პროცესში ბაზარზე ახალი შესაძლებლობები ან გამოწვევები წარმოიქმნება.
მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება
ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია პროდუქტის შესახებ მომხმარებელთათვის ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება, შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგია გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესის ჩამოყალიბებისა და ოპერირების განმავლობაში.
მარკეტინგი ფართო საქმიანობაა და მოიცავს თქვენი პროდუქტის რეკრამირებისა და გაყიდვის სტრატეგიებს, პოტენციურ მომხმარებელთა სეგმენტის არჩევასა და ბიზნესის შესახებ მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებასა. მარკეტინგული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს გაყიდვების სტიმულირების გეგმას, მომხმარებლების მოზიდვის ტაქტიკას, პროდუქტის ან სერვისის ბრენდინგს. მომხმარებელთა გამოცდილებასა და ინტერფეისზე დაფუძნებული გამართული ვებ-გვერდის შექმნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც ამარტივებს მომხმარებლებთან ურთიერთობას და ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას.
არსებული გამოწვევებისა და მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიური რესურსების გათვალისწინებით, ციფრული მარკეტინგის გამოყენება შესაძლოა განსაკუთრებულად ეფექტიანი აღმოჩნდეს. ამისთვის აუცილებელია, მომხმარებელთა სეგმენტის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზევე მოხერხდეს რეკლამირებისთვის სწორი პლატფორმის შერჩევა. მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი საგანმანათლებლო საკითხებს ეხება, ოპიტმალური იქნება ძირითადად ციფრული მარკეტინგი Linkedin-სა და Facebook-ზე მომართოთ, ვინაიდან პოტენციური მომხმარებლები ხშირად სწორედ ამ პლატფორმების მეშვეობით იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა სალექციო კურსებისა თუ ტრენინგების შესახებ. ხოლო თუ თქვენ ცდილობთ დაარეკლამოთ ხელნაკეთი პროდუქცია (მაგ: აქსესუარები და ტანსაცმელი), მეტი ეფექტურობისთვის Facebook-ის გარდა შეგიძლიათ Instagram-ის სარეკლამო სტრატეგიებიც გამოიყენოთ.
კონსულტაციების მიღება
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის დაწყებამდე პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპლექსური მომსახურების მიღება, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დამწყები ბიზნესების წარმატებული ოპერირებისთვის. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების ხელშეწყობით, დამწყები ბიზნესები შეძლებენ მიიღონ დეტალური შეფასება ბაზარზე არსებული გამოწვევების, მომხმარებელთა მოთხოვნის და გაყიდვების ეფექტიანი მართვის წარმოებისთვის საჭირო სტრატეგიების შესახებ.
სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებში კონსულტანტებისა და ფრილანსერების ჩართულობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას და ამავდროულად კომპანიას თავიდან აარიდებს დამატებითი სრულ-განაკვეთიანი თანამშრომლების რეკრუტინგის ხარჯებს.
გახსოვდეთ, რომ ბიზნესის დაწყება მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, საწყის ეტაპზევე ეცადეთ კარგად დაგეგმოთ ბიზნესის დაწყებასთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხები, გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული რჩევები და მუდამ იყოთ მზად ახალი გამოწვევებისათვის.