ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ გაატარა ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმები, მათ შორის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც შეეხო ხალხის ცხოვრების ყველა ასპექტს. ეკონომიკური რეფორმების მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირება, საჯარო სერვისების გამარტივება-გაციფრულება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. ამ რეფორმების გატარებით საქართველომ მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ და მიღწეული შედეგები აისახა ეკონომიკური თავისუფლებისა და პოლიტიკის შეფასების სხვადასხვა ინდექსებსა და რეიტინგებში. მაგალითად, საქართველო აღიარებულია, როგორც ‘’the top improver’’ ქვეყანა WB/IFC Doing Business-ის მიერ 2015 წელს.
ზოგადი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით იგივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ბევრი განვითარებადი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს მოქმედი საწარმოების უმეტესობას, მათი წილი მშპ-ში მაინც ძალიან დაბალია. საქართველოს მთავრობა აღიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობასა და მის როლს ეკონომიკურ განვითარებაში და მოწოდებულია ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის ამ მიმართულებით, რათა შეძლოს SME სექტორის განვითარება და ზრდა. ზოგადად, კერძო სექტორის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, ეს არის „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის“ - საქართველო 2020 (ივნისი, 2014 წ.), ასევე პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ (ივლისი, 2014 წ.) ერთ-ერთი პრიორიტეტი.
საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული ბარიერები და გამარტივდა საჯარო სერვისები. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი არის სამუშაო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გასაუმჯობესებლად.
საგადასახადო პოლიტიკა:
საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადების რაოდენობა და გადასახადების განაკვეთები. საქართველოს ახლა აქვს ყველაზე ლიბერალური საგადასახადო იურისდიქცია ევროპაში. Forbes-ის საგადასახადო სიდუხჭირისა და რეფორმის ინდექსის მიხედვით 2009 წელს, საქართველოს მე-4 ადგილზე იყო ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთით მსოფლიოში ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ჰონგ კონგის შემდეგ. ამჟამად საქართველოს აქვს 6 ტიპის გადასახადი 2004 წლამდე არსებულ 21 სხვადასხვა გადასახადთან შედარებით.
საბაჟო პოლიტიკა:
საბაჟო რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა და მკვეთრად შეამცირა საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯები. იმპორტის ტარიფების რაოდენობა გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე და ამჟამად 16-ის ნაცვლად მოქმედებს მხოლოდ 3 ტარიფი (0%, 5% და 12%). საქართველო საბაჟო გადასახადს აწესებს მხოლოდ რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო საქონელსა და სამშენებლო მასალებზე. ამასთან, არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები) იმპორტსა და ექსპორტზე. რამდენადაც DCFTA ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ვაჭრობა ხორციელდება ბაჟის გარეშე.
ლიცენზიები და ნებართვები:
ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2005 წლიდან ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა. ამჟამად, ლიცენზიები და ნებართვები საჭიროა მხოლოდ მაღალი რისკის შემცველი საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის, ასევე ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის და ზოგიერთი კონკრეტული პროექტის საქმიანობისთვის. მნიშვნელოვნად გამარტივდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურები; დაინერგა “One-Stop-Shop“ და “Silence is Consent” პრინციპები. ლიცენზიებისა და ნებართვების საფასური განსხვავდება საქმიანობის ტიპის მიხედვით.
საჯარო ადმინისტრაცია:
საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის ბიზნესთან დაკავშირებული სერვისები, შემუშავებულია “One-Stop-Shop“ პრინციპით. სერვისების უმეტესობა შეიძლება განხორციელდეს ონლაინ. გარდა ამისა, საქართველომ ჩამოაყალიბა უნიკალური სისტემა - საჯარო სამსახურის დარბაზები (იუსტიციის სახლები) - მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ერთ სივრცეში 400-ზე მეტი სახის მომსახურებაა, რაც ამცირებს საჭირო სერვისების მოპოვების ხარჯებსა და დროს და ამასთანავე, საგრძნობლად ამცირებს კორუფციის რისკებს.
მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება ეფუძნება დასაქმების ზომასა და ბიზნესის ბრუნვას, რომელიც მორგებულია საქართველოს სპეციფიკაზე და გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ოფიციალური სტატისტიკის შედგენისთვის. საშუალო ზომის საწარმოებში ყოველწლიურად 100-მდე ადამიანია დასაქმებული და წლიური ბრუნვა 1 500 000 ლარამდეა. მცირე საწარმოებში ყოველწლიურად 20-მდე ადამიანია დასაქმებული და წლიური ბრუნვა 500 000 ლარამდეა.