აზერბაიჯანმა 2015-16 წლებში მკვეთრი რეცესია განიცადა საქონელზე ფასების გლობალური ვარდნის შედეგად. რეცესიის აღმოსაფხვრელად მთავრობამ შეიმუშავა ამბიციური გეგმა 12 სტრატეგიულ სექტორში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. გეგმის მიზანი იყო ქვეყანაში SME გარემოს გაუმჯობესება, განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელება და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების წარმოების სტრატეგიული საგზაო რუკის დახმარებით (“Strategic Roadmap for the Production of Consumer Goods at the Level of Small and Medium Entrepreneurship”), რომელიც წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს, მთავრობამ წამოიწყო რიგი პროგრამები და ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. დაარსდა სპეციალური სააგენტოს და საკრედიტო საგარანტიო ფონდი, ჩატარდა ქალთა მეწარმეობის ხელშემწყობი ღონისძიებები. 2016 წლის შეფასების შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებაში და ექსპორტის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სერვისების გაფართოებაში.
მცირე და საშუალო ბიზნესის ახალი განმარტება დაინერგა 2018 წლის დეკემბერში, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტისა და გადასახადების სამინისტროს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიებში განსხვავებების აღმოფხვრა. ახალი დეფინიცია განასხვავებს მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებს და ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის განმარტებას. ასევე სინქრონიზებული და დახვეწილია დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები.
აზერბაიჯანული მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობა კონცენტრირებულია შედარებით დაბალი დამატებული ღირებულების საქმიანობებში, როგორიცაა ვაჭრობა და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება, ტრანსპორტი და შენახვა, განსახლებისა და კვების პროდუქტების მომსახურება.
2016 წლის SBA შეფასების შედეგად, აზერბაიჯანმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მცირე და საშუალო ბიზნესის პროაქტიული პოლიტიკის განვითარებასა და მის მხარდასაჭერად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებაში. მოცემული გაუმჯობესება აისახება ამ განზომილების ქულის მნიშვნელოვან ზრდაში (+ 1,06 ქულა).
მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების წარმოების სტრატეგიული საგზაო რუკა („მცირე და საშუალო ბიზნესის საგზაო რუკა“) ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხუთ სტრატეგიულ მიზანს: 1) ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა. 2) დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3) მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის გაზრდა. 4) მცირე და საშუალო ბიზნესის უნარების გაზრდა და 5) მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში ინოვაციების ხელშეწყობა. SME საგზაო რუკა მოიცავს დროებით განსაზღვრულ (2020) რაოდენობრივ მიზნებს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორისთვის, როგორიცაა SME-ის წილი მშპ-ში (15%), დასაქმება (20%) და არა სანავთობო საქონლის ექსპორტი (10%). დოკუმენტი ახლოსაა საშუალოვადიან მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიასთან და წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიის არსებით კომპონენტს.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს (SMBDA) დაარსება 2017 წელს წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში. სააგენტოს აქვს მანდატი, უზრუნველყოს თავისი მომსახურება ხუთი სტრატეგიული მიმართულებით: 1) მეწარმეობის ხელშეწყობა, 2) მეწარმეების დაცვა, 3) მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობა, 4) ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება და 5) მულტიფუნქციური მომსახურების შეთავაზება ერთ სივრცეში. ამჟამად, ადრეულ საოპერაციო ფაზაში, სააგენტო გეგმავს, რომ ჰყავდეს 240 თანამშრომელი და იმუშაოს მის შტაბ-ბინაში, ბაქოში. ასევე რეგიონული ოფისების ქსელის მეშვეობით, სახელწოდებით, შესაბამისად, SME House დედაქალაქში და SME Friends რეგიონებში. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ახლად დაარსებულ სააგენტოს ჰქონდეს შესაბამისი რესურსები თავისი მისიის შესასრულებლად. გარდა ამისა, უნდა იქნას მიღებული მოთხოვნაზე ორიენტირებული, თანამშრომლობითი მიდგომა მხარდაჭერის პროგრამების შემუშავების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი შესაბამისობა საჯარო ქმედებებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს შორის. დაბოლოს, არსებული სააგენტოს მიზანია სრულად მოემსახუროს SME სექტორს, დაეხმაროს მას, უზრუნველყოს მისი საჭიროებები და ერთობლივი თანამშრომლობით შექმნას გაცილებით უფრო ეფექტური გარემო მცირე და საშუალო ბიზნესის ეკოსისტემაში.