შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
“wowchy” სასაჩუქრე ბარათების პირველი ონლაინ მაღაზიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით. “wowchy”-ს დამფუძნებელი თათია ხაინდრავა SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად ბრენდის შესახებ...
როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება wowchy-ის ისტორია.
ვაუჩის ისტორია დაიწყო 2020 წელს, პანდემიამდე. ხშირად ვყიდულობდი ხოლმე სასაჩუქრე ვაუჩერებს და ყოველთვის მექმნებოდა პრობლემა, რადგან ეს იყო დაკავშირებული დროის ხარჯვასთან, ძალიან დიდ დროს მოითხოვდა - უნდა მივსულიყავი მაღაზიებში, შემეძინა ვაუჩერი, საცობები, რიგები და მოკლედ, ძალიან არაკომფორტული იყო. ერთ დღესაც, როდესაც მორიგი საჩუქარი ვიყიდე და ძალიან ბევრი დრო დავხარჯე, სახლში მოვედი და გადავწყვიტე, რომ ციფრულად გამეკეთებინა ასეთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჩემნაირი საჩუქრის მაძიებლებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერების ყიდვა ნებისმიერი ბრენდის, კატეგორიის. ასევე, შესაძლებელი ყოფილიყო ამ ყველაფრის ციფრულად გაკეთება და გაგზავნა. შემდეგ უკვე ჩვენი გუნდის წევრებს გავუზიარე იდეა და დავიწყეთ მუშაობა. ჩავეშვით 2020 წლის ბოლოს, რადგან მანამდე სატესტო რეჟიმში ვიყავით და 2020-2021 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა.
რატომ არის wowchy-ის არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის?
მთავარია, რომ ის ჭრის პრობლემას. საჩუქარი სულ გვჭირდება, ყველას აქვს დაბადების დღე, ხან თანამშრომლებს აქვთ, ხან მეგობრებს, ხან ნათესავებს და იმისთვის, რომ ეს პროცესი გავაადვილოთ, გავხადოთ უფრო სწრაფი, მოვიგონეთ ასეთი გადაწყვეტა. გვყავს უკვე მომხმარებლები, ანუ ეს იდეა გატესტილია. მომხარებლები, რომლებმაც ერთხელ მაინც შეიძინეს, შემდეგ უმრავლესობა გვიბრუნდება. ეს არის სწრაფი და გამარტივებული საჩუქრის ჩუქების მეთოდი და ანალოგი ჯერჯერობით საქართველოში და ზოგადად რეგიონში არ გვყავს. რა თქმა უნდა, ამერიკაში არის ასეთი პლატფორმა და ძალიან წარმატებით მუშაობს. ამ ეტაპზე გვაქვს ფიზიკური ვაუჩერები, მაგრამ სამომავლოდ ალბათ მთლიანად ციფრულზე გადავალთ. ჯერ მომხმარებელი ეჩვევა ამ ყველაფერს. ფიზიკურის შემთხვევაში გვაქვს არჩევანი შეფუთვების, მისალოცი ბარათიც იდება შიგნით, ვაუჩერიც, ხოლო ციფრული შემთხვევაში სმს-ის სახით, უბრალოდ ელექტრონულ ფოსტაზე მიდის ვაუჩერი ციფრულად, წერია ნომინალი, მისალოცი ტექსტიც. ახლა უკვე ვამატებთ ფოტო და ვიდეო გაგზავნასაც, ანუ ვაუჩერთან ერთად გაუგზავნო ფოტო ან ვიდეო მიმართვა, მილოცვა, რადგან უფრო ცოცხალი გახდეს მილოცვა. მომხმარებლებისთვის ნამდვილად ძალიან მოსახერხებელია, რაც პრაქტიკამაც გვიჩვენა და მგონია, რომ ძალიან სასარგებლო სერვისია.
ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით.
სირთულე, რა თქმა უნდა, თავიდან უფრო მეტი იყო. დარწმუნება დიდი, მსხვილი მოთამაშეების, თუ რატომ უნდა გაყიდონ ჩვენთან საკომისიოთი, მაშინ, როდესაც თვითონაც ყიდიან, არ იყო მარტივი. გვიწევდა დარწმუნება, რომ თვითონ კი ყიდიან მაღაზიებში, მაგრამ ჩვენთან არის მარკეთფლეისი, სადაც არა მარტო მათი მომხარებელი შედის, არამედ ნებისმიერი საჩუქრის მაძიებელი, რომელსაც თავში არ აქვს კონკრეტული აზრი რა საჩუქარი უნდა და ამ შემთხვევაში უფრო დიდი შესაძლებლობაა ანუ დამატებითი გაყიდვების არხია. მათ დაახლოებით 30%-ით მოემატათ ვაუჩერების გაყიდვები, რადგან თვითონ ციფრული არ ჰქონდათ და ჩვენ ეს შევთავაზეთ. რა თქმა უნდა, არანაირი ხარჯი არ უწევთ, რომც არ ჰქონდეთ მათი ფიზიკური ვაუჩერები. დარწმუნების ეტაპი თავიდან ბევრად უფრო რთული იყო, როცა ვეშვებოდით. ახლა უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს და შეგვიძლია ამითი ოპერირება, თუმცა მაინც ვაწყდებით ამ მიუღებლობას, რთულად იღებენ ინოვაციას. თვითონ კომპანიები შიგნით მენეჯმენტი რომ დაგვთანხმდება, მერე რაღაც დრო სჭირდებათ მათ, რომ სტაფი დატრენინგდეს. ზოგადად სიახლეების მიმართ ადამანები ყოველთვის არიან სკეპტიკურად განწყობილები და აი ეს არის მთავარი პრობლემა. მეორე არის, რომ, პრობლემას არ დავარქმევდი, ჩელენჯი, რომ გავზარდოთ ცნობადობა, რაც მარკეტინგულ ხარჯებთან არის დაკავშირებული- ნელ-ნელა ვზრდით ცნობადობას. მთავარი არის ის, რომ ჩვენი მომხმარებლები მივაჩვიოთ, რომ შესაძლებელია ადამიანს ესე მარტივად და სწრაფად ვაჩუქოთ საჩუქარი. ჯობია ვაჩუქოთ ვაუჩერი, ვიდრე ვაჩუქოთ ის, რაც ან არ მოეწონება ან არ მოერგება, ანუ უფრო დიდი არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ მათ.
გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
ნეთვორქი - ქალი მეწარმეები ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი პარტნიორები გახდნენ. ასევე სმედა დაგვეხმარა ცნობადობის გაზრდაში, თავის სოციალურ ქსელებში აზიარებს ინფორმაციას ჩვენს შესახებ, სრულიად უსასყიდლოდ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი არხებით ცნობადობის გაზრდა. ტრენინგებს, რომლებიც გავიარეთ ატარებდნენ ისეთი მენტორები, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მოგვცეს, თუნდაც ბიზნეს მოდელის კუთხით ან ციფრული მარკეტინგის კუთხით, რასაც ვითავლისწინებთ და რაც განვითარებაში გვიწყობს ხელს. საერთოდ ციფრული პროდუქტი ყოველდღიურად უნდა განავითარო, მუდმივად საჭიროებს განვითარებას და ამიტომაც მენტორშიფი და მუდმივი სწავლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სმედა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ.
რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.
სიახლეები გვაქვს, რაც ზევით ვახსენე, ფოტო და ვიდეო, ციფრული ვაუჩერის შემთხვევაში. მხოლოდ ლინკი მიდიოდა ვაუჩერის ნომინალით და ტექსტით, ახლა გვექნება უფრო ცოცხალი. ასევე, ვაპირებთ ბიტკოინების გაგზავნის ფუნქციას, ვპარტნიორობთ ერთ-ერთ კომპანიასთან და ამ კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან საჩუქრის სახით იყოს წარმოდგენილი ბიტკოინი. ეს იქნება პირველი, ზოგადად არც მსმენია მსგავსი რამ. სამომავლო გეგმები არის, რომ კონკრეტული ფუნქციონალები დავამატოთ, განვავითაროთ ჩვენი საიტი და ცნობადობა, რა თქმა უნდა, გავზარდოთ და გავხდეთ ჩუქების პირველი პლატფორმა, რაც ადამიანს ახსენდება, როცა სასწრაფოდ სჭირდება საჩუქარი. კატეგორიის, არჩევანის გაფართოება გვინდა, ასევე სხვა ბაზარზე გასვლა. ახლა მოკვლევაში ვართ მეზობელი ქვეყნების და ინვესტიციების მოძიების პროცესში ვართ.
რა რჩევას/რეკომენდაციას მისცემდით იმ ხალს, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
მე ვფიქრობ, რომ ზოგადად იდეები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ აუცილებელია რაღაც ცოდნის დაგროვება, კონტაქტები, გამოცდილება და რაღაც დონის დისციპლინა. როდესაც რაღაც ბიზნეს იწყებ ძალიან დიდი რისკია, ამიტომ ჯობია ძალიან დიდი ფინანსები არ ჩადო გაუტესტავ იდეაში. ჯობია პროდუქტი შექმნა ჯერ მინიმალური ფუნქციონალით, რასაც ჯერ გატესტავ, ან თუნდაც კვლევით შეიძლება ამის დაზუსტება, თუ რამდენად მზად არის მომხმარებელი, მაგრამ შეიძლება კვლევებმა დაადასტუროს, რომ მომხარებელი მზადაა, მაგრამ შემდეგ მომხარებელმა არ იყიდოს. რაღაც მინიმალური ინვესტიციით უნდა გაიტესტოს იდეა და მოხდეს მისი ვალიდაცია. ჩვენ, მაგალითად, სანამ პროდუქტი არ დავხვეწეთ და ასორტიმენტი არ გავაკეთეთ საკმარისი ციფრული ვაუჩერები არ დავამატეთ, მარკეტინგში არც ვხარჯავდით ძალიან დიდ ფულს, რადგან, თუ ფული დახარჯე მარკეტინგში და მოიზიდე მომხმარებელი ის, რომ შემოვა შენ საიტზე თუ მაღაზიაში და იქ ადგილზე არ დახვდება საჭირო ასორტიმენტი, ნორმალური ფასები, იქნება ტყუილად დახარჯული მარკეტინგში ფული, ამიტომ სანამ პროდუქტი მზად არ იქნება არ არის საჭირო, რომ ფული დაიხარჯოს მარკეტინგში, ეს არის ჩემი მოსაზრება. ასევე არ უნდა ვიყოთ კომფორტის ზონაში, მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ და თუ რამე კარგი იდეა გვაქვს მთავარია ვიპოვოთ პარტნიორები, მარტო კეთება ძალიან რთულია. თუ ვიპოვეთ საჭირო პარტნიორები, გავტესტეთ ჩვენი იდეა და ჩვენი იდეა ბევრ ადამიანს მოეწონა, არა ერთს და ორს, შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ბიზნესი. ეს იქნება ჩემი რჩევები.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე