შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
“კოკიტო” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხის უპედლო ველოსიპედების შეძენის შესაძლებლობას. “კოკიტო”-ს დამფუძნებლები მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”starta”-ს მონაწილეები არიან, სწორედ ისინი გვესაუბრებიან უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...
როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება „კოკიტო“-ს ისტორია.
მარიკა: ჩვენ გვაქვს ავეჯის საწარმო „ევრო სტილი“, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ შეიქმნა, დამფუძნებელია ანტონი გრიგოლიშვილი, მამაჩემი. დაახლოებით სამი წლის წინ, სათამაშოების გამოფენიდან მამაჩემმა ჩამოიტანა უპედლო ხის ველოსიპედი. ასე ეტაპობრივად იზრდებოდნენ ამ ველოსიპედზე ჩვენი შვილები და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შესაძლებელი იყო, სათამაშოების ხაზი გაგვეკეთებინა წარმოების პარალელურად. სათამაშოების ბიზნესი ზოგადად გაძლევს შესაძლებლობას, გააკეთო სერიული წარმოება, გახვიდე ექპორტი. ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბური ხედვა გვქონდა ამ მიმართულებით.
ამ იდეის გაჟღერების შემდეგ აქტიურად ჩავერთეთ საქმეში და დავიწყეთ მოდელებზე მუშაობა. გავაკეთეთ 4 ტიპის ხის უპედლო ველოსიპედი, რომლის ანალოგი საქართველოში, ფაქტობრივად, იმ ეტაპზე ბაზარზე არ არსებობდა. დავამატეთ ასევე სხვადასხვა მოდელები, საბავშვო ცხოველები, მანქანები. უკვე ძალიან დიდი მოწონების შემდეგ, უფრო სერიოზულად შევხედეთ ამ ამბავს და არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ უკვე ექსპორტის მიმართულებითაც დავიწყეთ ფიქრი. მივიღეთ მონაწილეობა ნიურნბერგის გამოფენაზე, სადაც უკვე აქტიური კომუნიკაცია ვაწარმოეთ გერმანელ პარტნიორებთან.
რატომ არის „კოკიტო“-ს არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის.
მარიკა: ჩვენი მთავარი ღირებულებას წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკომეგობრული. ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ნატურალურ ხეს, ვამუშავებთ წყლის ბაზაზე დამზადებული, ეკოლოგიურად უსაფრთხო საღებავებით. რეალურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები ბავშვებში, ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევია. რაც დრო გადის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხო სათამაშოს მოხმარება. ეს სათამაშოები არის საკმაოდ ძვირადღირებული და მხოლოდ ვიწრო სეგმენტს ჰქონდა წვდომა მათზე. ჩვენ გვინდოდა, გაგვეკეთებინა ისეთი წარმოება, რომელიც ოდნავ უფრო შეამცირებდა თვითღირებულებას და თუნდაც ქართულ ბაზარზე მოსახლეობის უფრო მეტ პროცენტს ექნებოდა წვდომა უსაფრთხო სათამაშოზე.
ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით.
მარიკა: გამოწვევა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ არ არის ჯერჯერობით დაძლეული. იქედან გამომდინარე, რომ გვქონდა ბაზა, ცოდნა და დაახლოებით 25 წლიანი გამოცდილება ხეზე მუშაობის, ჩვენთვის ეს ნაწილი შედარებთ უფრო მარტივი აღმოჩნდა. სირთულეს მდომარეობს იმაში, რომ თუ ვისაუბრებთ ექსპორტზე, დაახლოებით 7 თვიანი მოლაპარაკების პროცესის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ახლა მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს ყველაფერი არის დროსა და სივრცეში გაწელილი. გვჭირდება რესურსები იმისათვის, რომ წარმოება გადარჩეს და რა თქმა უნდა, პირადი ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს დახმარების პროგრამები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. წარმოების აწყობის პროცესი არის ყველაზე დიდი სირთულე და ასევე მოლაპარაკებების პროცესიც. ჩვენ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, ანუ თუ კი რაღაცა სხვა ბიზნესი საშუალოდ 6 თვეში უკვე მოგებაზე გავიდეს, ამ მიმართულებას წლები სჭირდება.
ლალიკო: ასევე, ქართულ ბაზარზეც კი არ არის მარტივი დიდ ქსელებში შესვლა. ის რომ, სტარტაპია და ქართულია, დიდი ქსელური მაღაზიები ამას ნამდვილად არ ითვალისწინებენ და ასეთ კომპანიებს მხარში არ უდგებიან განვითარებისთვის.
მარიკა: იმპორტირებული სათამაშოებთან კონკურენციაც არის დიდი გამოწვევა, რადგან ჩინეთიდან შემოდის ბევრად უფრო იაფად.. ჩვენ ვიყენებთ გერმანულ საღებავებს, რომელიც ასევე ფასში სხვაობას იძლევა, თუმცა ეს კონკურენციაც რაღაც დონეზე დავძლიეთ.
გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
ლალიკო: პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა SMEDA-ს, რადგან ჩვენთვის მართლა უმნიშვნელოვანესი იყო ის ინფორმაცია და ის ლექციები, რომელიც მოგვაწოდეს. დამწყები ბიზნესმენებისთვის და სტარტაპებისთვის იყო საკმაოდ კარგად გაწერილი კურსები. ასევე, SMEDA-მ მიმახვედრა, რომ ყველაფერი ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ. მე და მარიკა ვიყავით ყველაფერი ამ კომპანიაში და ვითავსებდით ყველას ფუნქციას. დელეგირების აუცილებელობა დაგვანახა SMEDA-მ, რითიც უფრო მეტი თავისუფალი დრო მოგვეცა, რასაც ბიზნესის განვითარებაში ვიყენებთ. ასევე, ნეთვორქინგის მხრივ ბევრი კარგი იდეა მოგვაწოდეს. უფრო განვავავითარეთ facebook, instagram. ვაპირებთ,რომ გავაკეთოთ ჩვენი საიტიც.
მარიკა: SMEDA-ს ეს 6 თვიანი კურსი, ფაქტობრივად, იყო მენეჯერისთვის საჭირო ყველა სფეროს შესწავლის პროცესი: ფინანსები, ადამიანური რესურსების მართვა, პროცესების მართვა, ფინანსების მოძიება, მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი, ეს ყველა მოდული ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გადავინაწილეთ ფუნქციები, მე და ლალიკომ. მე გადავწყვიტე, რომ უფრო წარმოებას მივაქციო ყურადღება. ორგანიზაციას რა სჭირდება ეს ყველაფერი თითქოს დალაგდა თავში, ძალიან დიდი თეორიული ცოდნა მომცა, რასაც უკვე ვიყენებ პრაქტიკაში. ამისთვის დიდი მადლობა SMEDA-ს.
რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.
მარიკა: სიახლეებს რაც შეეხება, ჩვენ იანვრიდან მოყოლებული გვქონდა მიმოწერა გერმანელებთან, ძალიან დიდ და მსხვილ სათამაშოების საწარმოებს ვესაუბრებოდით, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ ჩინეთიდან გადმოიტანონ წარმოება საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთის ქვეყნებში, წარმოების ხარჯების და ზოგადად დროის ფაქტორიდან გამომდინარე. მათ შორის ჩვენ გვყავდა სტუმრები გერმანიიდან და ჩვენი საწარმო დაათვალიერეს. გადავწყვიტეთ, რომ ვაწარმოოთ ამ მსხვილი ბრენდების ქვეშ პროდუქტები, რომლებიც გავა ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და გაიყიდება მათი ბრენდების ქვეშ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სერთიფიცირების და სტანდარტების ბარიერს ავარიდოთ თავი. სამომავლო გეგმას რაც შეეხება, ჩვენ გვინდა იმდენად გავზარდოთ წარმოება, რომ მთელი რესურსი სათამაშოებზე გადავიტანოთ და უფრო მოცულობითი გავხადოთ. ამჟამად მხოლოდ ერთი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და სექტემბრის ბოლოს გვაქვს დედლაინი ამ პროდუქტის ჩაბარების. შემდეგ უკვე იანვრამდე 5-6 პროექტი უნდა გავაკეთოთ.
რა რჩევას/რეკომენდაციას მისცემდით იმ ხალს, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
მარიკა: მეც და ლალიკომაც ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი გვქონოდა. ძალიან რთულია ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მუდმივად უნდა გქონდეს ეს შინაგანი შეუპოვრობა, მუდმივად უნდა იწყებდე თავიდან ყოველი მარცხის შემდეგ. ბევრად უფრო კომფორტულია იპოვო სამსახური და სტაბილურად მუშაობდე, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო აცნობიერებ ის რესურსები, შესაძლებლობები, რაც შენ გაგაჩნია ჯობია, რომ მიუძღვნა შენ ბიზნესს, რადგან ბევრად უფრო სწრაფად აღწევ განვითარებას, ხედვა უფრო დიდია და ბევრად უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ შენი დრო და ენერგია დაუთმო შენს საქმეს.
ლალიკო: ადამიანს, რომელსაც რაიმე შესაძლებლობა გააჩნია და აქვს შანსი, აკეთოს თავისი ბიზნესი ჯობია, რომ თავისი დრო და ენერგია დაახარჯოს საკუთარ საქმეს და არ დაახარჯოს სხვის ბიზნესს, რადგან თავიდან არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო დაუფასდება. ყოველთვის ჯობია, რომ იყო მეწარმე და არა დასაქმებული ადამიანი.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე