GEO
2022.08.15

"starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

უკან დაბრუნება
“გოგორა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხის სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის შეძენის შესაძლებლობას

“გოგორა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხის სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის შეძენის შესაძლებლობას. “გოგორა”-ს დამფუძნებელი ნინო რაზმაძე SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის  - ”starta“-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...

მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობა ჩემი საქმიანობით დაინტერესებისთვის... 

მე ეთნომუსიკოლოგი ვარ, შესაბამისად, გაცნობიერებული ცხოვრების დიდი ნაწილი ქართული ტრადიციული მუსიკის შესრულებაში, კვლევასა და სხვა საინტერესო აქტივობებში გავატარე. ამჟამად, ჩემი პროფესიული საქმიანობაც სამ დიდ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას უკავშირდება, თბილისის კონსერვატორიას, გალობის უნივერსიტეტს და ფონდ „ქართულ გალობას“. ჩემი გამოცდილება მხოლოდ კვლევითი, სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელებას მოიცავს, შესაბამისად, ბიზნესის სფერო ძალიან შორს იყო ჩემგან. ასევე, ვარ კონსერვატორიის დოქტორანტი ეთნომუსიკოლოგიაში. 

ხის სათამაშოების და საბავშვო ავეჯის წარმოების იდეა გამიჩნდა 3 წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში იდეამ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ, ორი მიმართულებით ჩამოვყალიბდი: ქართულ ფოლკ სათმაშოების/ავეჯის და მონტესორის მეთოდთან მეგობრული ავეჯის წარმოებაზე. 2018-19 წ.-ში ერასმუსი + ფარგლებში ვიმყოფებოდი ლატვიაში, ესტონეთსა და მაკედონიაში, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. ჩვენ კონსერვატორიის მხრიდან ქართულ პოლიფონიას წარმოვადგენდით. აქ მოხდა ჩემი პირველი შეხება ხის სათამაშოების, სუვენირების, ნაქსოვი/ნაქარგი ნივთების დამზადების პროცესთან. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული რეწვით დაინტერესება პროექტის გრძელვადიანი შედეგების ნაწილია. ლატვიურმა და ესტონურმა კულტურამ და ამ კულტურის ცოცხალმა ტრადიციამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქართული თემატიკა ასეთი აქტუალური ბიზნესში, შესბამისად, სულ მეფიქრებოდა რამხელა პოტენციალი ჰქონდა ჩვენს კულტურას და სათანადოდ არ ვიყენებდით. დღეს უკვე ბევრად წინ ვართ. 

დავიწყე თემის სიღრმისეულად შესწავლა და ძიება, თუ როგორი ტიპის პროდუქტი შეიძლებოდა მეწარმოებინა. სფეროს მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ისიც მიძლიერებს, რომ 4 სასწაული შვილი მყავს. ამიტომ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი ბავშვებისა და მშობლების საჭიროებები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსწავლობ პროდუქტს, დამზადების ტექნოლოგიას, ბიზნესის მართვის საფუძვლებს, სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებს, ექსპორტის მენეჯმენტს, საავტორო უფლებებისა და პატენტების დაცვის საკითხებს და სხვ. განვითარების პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ მინდოდა მაქსიმალურად მზად ვყოფილიყავი ბიზნესის დასაწყებად. 

ქართული ბაზრის და ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს ბიზნესის გარდა სახელმწიფოებრივი კუთხითაც ვუყურებ. ვთვლი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, ექსპორტის პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოების გაძლიერება. ამიტომ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი ევროსტანდარტის მქონე ბიზნესის საჭიროება არსებობს დღეს ქართულ ბაზარზე. უბედნიერესი ვიქნები, თუ შევძლებ მთიან აჭარაში და ზოგადად, ქვეყანაში, ემიგრაციის პროცესების შეკავებაში ჩემი უმნიშვნელო წვლილის შეტანას. 

უშუალოდ პროდუქტების ჭრილში რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას – სათამაშოების ხაზი იქნება ორიგინალური დიზაინის თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტი, ხარისხზე აღარც შევჩერდები. გარდა იმისა, რომ განმავითარებელი და ბავშვებისთვის სასარგებლო პროდუქტი იქნება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი იქნება ქართული კულტურისა და ეთნოგრაფიის კუთხით. ეს, ასევე, შესანიშნავი პროდუქტი იქნება სასაჩუქრედ, მათ შორის უცხოელი ტურისტებისთვის, ვისაც ამ ტიპის პროდუქტები აინტერესებს. ყველა პროდუქციას ექნება შესაბამისი შეფუთვა, ანოტაცია, ინსტრუქცია და გამოყენებული ნედლეულის მიკვლევადობა. 

რაც შეეხება მონტესორის ავეჯის ხაზს, სიამოვნებით გეტყვით, რომ ამ ტიპის ავეჯის მოთხოვნა ნამდვილად არსებობს ქართულ ბაზარზე და ეს ინტერესი მზარდია. ჩემი მიზანია ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის, უსაფრთხო პროდუქტი შევთავაზო. ამავდროულად, ძალიან ბევრს ვმუშაობ თვითღირებულების მაქსიმალურად დაწევაზე, რათა ფასი იყოს მეტად ხელმისაწვდომი. ამ ტიპის ავეჯზე ფიქრი და შესწავლა როცა დავიწყე მაშინ ამ ხაზის ცნობადობა გაცილებით დაბალი იყო და სულ 1-2 პროდუქტი მზადდებოდა შეკვეთით. ეს დრო მოვანდომე საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების, ხარისხის, ნედლეულის კვლევას. მიუხედავად იმისა, ძალიან გამიჭიანურდა სხვა საქმეების პარალელურად, მაინც კმაყოფილი ვარ რომ ეს გრძელი გზა ავირჩიე.

და ბოლოს, ბაზარზე ჩვენი არსებობის საჭიროებას განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ ნედლეულის, უსაფრთხოების, სტანდარტების, ხარისხის კუთხით მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი არათუ მომხმარებლისთვის, არამედ მწარმოებლებისთვისაც კი ბოლომდე გასაგები არ არის. ეს ამოუწურავი თემაა, მეც ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მინდა რომ ეს ინფორმაცია ადაპტირებული სახით ხელმისაწვდომი გავხადო მომხმარებლისთვის. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ შეფუთვის ინფორმაციის კითხვა, ხარისხის შეფასება, ნიშნების კითხვა; გახდნენ მეტად კრიტიკულები და მეტი შეკითხვა დაგვისვან მწარმოებლებს, ისევე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული. ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესში საჭირო ნაბიჯები გადადგა, მიიღო კანონი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. ახლა, დროა მწარმოებლებმა და მომხმარებლებაც სათანადოდ ავუწყოთ ფეხი ამ პროცესებს. შესაბამისად, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. 

განზოგადებულად თუ ვიტყვით, ყველაზე დიდი სირთულეა სადაც არ ელოდები იქაც რომ სირთულე გხვდება. არსებობს ბუნებრივი სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესთან, წარმოებასთან, და ეს ბუნებრივია. ამავდროულად არსებობს გარე სირთულეები, რაც სასურველია შემცირდეს. გარე ფაქტორებიდან, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი სირთულე მარტივი საკითხების გადაწყვეტის ირგვლივ გაჭიანურებული პროცესებია. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივია. ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ბევრი გვაქვს სამუშაო. ასეთ შეფერხებებს გაგებით ვეკიდები. 

უნდა აღინიშნოს, რომ განათლება, განსაკუთრებით პროფესიული განათლება, ალბათ ყველა ბიზნესის და დამსაქმებლის პრობლემაა. ასევე, არასტაბილური გარემო. ეს ზოგადი კომენტარია. დეტალებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. 

ასევე, როგორც ყველა დედას და ქალს, მაქვს ყოველდღიური, პროფესიული/სამსახურეობრივი და ბიზნესის საჭიროებების შეთავსების პრობლემა. ეს ბუნებრივია, არ ვწუწუნებ. მთავარია მონდომება, მხარდამჭერი გარემო და ადაპტაციის უნარი, რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობ. ყველაზე რთულია დღეს შენ წინაშე მდგარი გამოწვევები ისე მოაგვარო, რომ უარი არ თქვა ხვალინდელ პერსპექტივასა და განვითარების პოტენციალზე. 

ბიზნესის შიგნით, ჩემს მიმდინარე გამოწვევას ორ მიმართულებად დავყოფდი: 1. ვაწარმოო პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება საერთაშორისო ბაზრისთვის და 2. შევქმნა ისეთი სამუშაო პროცესი, რომელიც განმავითარებელი, საინტერესო და სასიამოვნო იქნება დასაქმებულისთვის. 

SMEDA პირველად ჩემი ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა. თავიდანვე ყურადღება მიიქცია. ერთი შეხედვით, ეს იყო ორგანიზებული, აკადემიური ახალი ორგანიზაცია გარკვევით ჩამოყალიბებული პრიორიტეტებით. მალევე გამოაცხადა ქალთა აქსელერაციის პროგრამა starta, რომელშიც მოხვედრამაც ჩემი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. დღემდე აღფრთოვანებაში მოვყავარ მისი ხელმძღვანელის, გიგა ფაიქიძის პროფესიონალიზმს, სიზუსტეს გეგმებსა და განხორციელების გზებში. აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგებით, რასაც ეს ორგანიზაცია აღწევს. ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შესაბამისობაშია დაპირება, პროცესი და შედეგი. 

ჩემი ბიზნესის განვითარებაში SMEDA-ს უდიდესი როლი აქვს. ჩემს პირობებში განსაკუთრებით, როცა ბიზნესის კუთხით არანაირი ცოდნა არ მაქვს, ამ ტიპის ორგანიზაციის მხარდაჭერა გადამწყვეტია. მე და ჩემთან ერთად მრავალ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს აქვს ხელმისაწვდომობა მრავალი დარგის საუკეთესო სპეციალისტთან კონსულტაციაზე. ის სინერგია, რასაც SMEDA და starta ამ მოკლე დროში ქმნის, მხოლოდ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით, პროფესიონალიზმით, კარგი დაგეგმვით მიიღწევა. 

გარდა უშუალოდ ბიზნესის მხარდაჭერისა, უმნიშვნელოვანესი შენაძენი, რასაც ეს ორგანიზაცია გვაძლევს, კავშირებია დარგის ექსპერტებთან და ორგანიზაციის წევრებთან. starta-მ გაგვაერთიანა 24 ქალი მეწარმე, რომლებიც ვართ ერთმანეთის ყველაზე დიდი მხარდამჭერები. უკვე მიმდინარეობს კოლაბორაციული პროექტებიც.

იმედი გვაქვს, ჩვენც გავძლიერდებით სათანადოდ და შევძლებთ ჩვენი პოზიტიური როლი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის მისიის მხარდაჭერაში.  

ჩემი მთავარი მიმდინარე სიახლეა გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) პროექტის მოგებიდან 1 წლის თავზე საამქროს მშენებლობის დაწყება აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. ეს იქნება საქართველოში პირველი ენერგოეფექტური და ევროსტანდარტების მქონე ხის სათამაშოების საწარმო. პარალელურად ვმუშაობ მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის მეთოდოლოგიასთან მეგობრული საბავშვო ავეჯის ხაზის წარმოების აწყობაზე თბილისში. აქტიურად ვმუშაობ პროტოტიპებზე, რაშიც მეხმარებიან ჩემი მეგობრები და კოლეგები, არჩილ გობეჯიშვილი, დავით გვანცელაძე, რესან ჟოჟაძე, მათე ტაკიძე, რაულ ბოლქვაძე, ავთანდილ ჩომახაშვილი, გოჩა დვალიშვილი, ლავრენტი თხლაშიძე, ზაქრო თათხაშვილი და სხვ. ამჟამად, ჩემი პროტოტიპები მზადდება „დადარიში“, „მეგადორსში“, რესანის სახლოსნოში ქედაში, კერძოდ, სოფ. უჩხითში, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ და ავჭალის ხელოსანთა სკოლაში. 

წარმოების კუთხით, ჯერჯერობით აქამდე დასახული გეგმები მაქვს განსახორციელებელი. რაც შეეხება სხვა მიმართულებით სამომავლო გეგმებს, მათგან გამოვყოფდი სათამაშოების მწარმოებელთა ასოციაციის განვითარების პერსპექტივას, რომელიც ამჟამად უკვე ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, ჩემი შვილებისთვის საყვარელი ბრენდის, „თამაშობანას“ შემქმნელმა ნაუ სონღულაშვილმა ჯერ კიდევ 2020 წელს დააფუძნა. გვჯერა, რომ სასარგებლო უნდა იყოს სექტორის განვითარებისთვის საერთო საჭიროებების მქონე კომპანიების გაერთიანება.  

რაც დრო გადის, მით ნაკლებად „ვცდილობ“ ვინმეს რამე „ვურჩიო“. რაც ამ ჩემთვის უცხო სფეროთი დავინტერესდი, შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლახანს დავიბადე, არაფერი ვიცი და ჯერ ფეხს ვიდგამ, ლაპარაკს ახლიდან ვსწავლობ... ამიტომ უბრალოდ ვიტყოდი, რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, ეს ყოველ დღე უნდა გვახსოვდეს და გავაანალიზოთ, რომ ჩვენი დრო – ჩვენი დროა. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა განვითარებისთვის, ვკონცენტრირდეთ დადებითზე, გამოვიმუშავოთ საკუთარ თავზე დაკვირვების უნარი და გვქონდეს ადექვატური თვითშეფასება, რაც უმნიშვნელოვანესია და როგორც ვხედავ, ბევრი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. დანარჩენი – დეტალებია და ეს გზა ყველასთვის ინდივიდუალურია. მონდომებული ადამიანისთვის უამრავი რესურსია უფასოდ ხელმისაწვდომი. მე ჩემი გზის ძიების პროცესში ძალიან მეხმარებიან ანდრო დგებუაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა, მიუხედავად იმისა რომ მათ არ ვიცნობ და არც იციან რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. 

 

თქვენის ნებართვით, მინდა მადლიერებით დავასრულო. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი მეუღლის, დედაჩემის და ბავშვების, მათი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის რაიმე ტიპის აქტივობა ცხოვრებაში. განსაკუთრებით, ჩემს პედაგოგებს და ხელმძღვანელებს გამოვყოფდი, მანანა გოცირიძეს, რუსუდან წურწუმიას და ნანა გოთუას. ამ სამმა ქალბატონმა მასწავლა ცხოვრებაში რისკენ უნდა ვისწრაფვოდე, ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მეხმარებიან. საბედნიეროდ, მე მათ ყველგან ვხედავ, სამსახურში, სამეგობროში, სოციალურ ქსელში, ქუჩაშიც კი. ვფიქრობ, ამ ადამიანების დანახვა, დაფასება და მადლიერების გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანისათვის.

 

შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის

წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე

გაწევრიანდი
×

რეგისტრაცია

×

ავტორიზაცია