შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
“კარაველა” ქართული წარმოების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი საბავშვო კარვებისა და საქანელების შეძენის შესაძლებლობას. “კარაველა”-ს დამფუძნებელი ბარბარე გალდავა SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”starta”-ს მონაწილეა, სწორედ ის გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ...
როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება "კარაველა"-ს ისტორია.
„კარაველას“ შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი. ჩემი შვილები პატარები იყვნენ, როცა მათ სახლი სახელდახელოდ „ავუშენე“. ერთ საღამოს გამოვჭერი საბავშვო ფარდა, თეთრეული და ბიჭებს შტაბი ავუწყე. ბავშვებს ისე მოეწონათ მისი დანახვა და მასში თამაში, რომ ვიფიქრე ამ საქმისთვის პროფესიონალურად მომეკიდებინა ხელი.
კოლეჯში ჩავაბარე და კერვის ოსტატობა დავხვეწე, შემდეგ კარვების შეკერვა სახლში დავიწყე. რამდენიმე თვე ვცდილობდით კარაველას ბაზარზე გამოჩენას და ახალი წლის დადგომასთან ერთად, კარვების სტაბილური შეკვეთებიც დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ, სახელოსნო ვიქირავე, სადაც დღეს ორი თანამშრომელი მყავს.
ამ 5 წლის მანძილზე ასორტიმენტი გავაფართოვეთ და კარვებთან ერთად ბევრი სხვა საბავშვო პროდუქციის წარმოება დავიწყეთ.
რატომ არის "კარაველა"-ს არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის?
ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე მნიშვნელოვანია შევუქმნათ მათ სივრცე სადაც განმარტოებას შეძლებენ ან მეგორბებთან ერთად ითამაშებენ. კარავი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პატარას ბავშვობაში - აქ ხდება ფანტაზიის გაღრმავება, სოციალური უნარების დახვეწა და დამოუკიდებლობის დასწავლა. რაც შეეხება ჩვენს მეორე მთავარ პროდუქტს, საქანელას, ის განსაკუთრებით სასარგებლოა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რადგანაც სენსორულ უნარებს ანვითარებს. ნაჭრის საქანელაზე რამდენიმე წუთ ქანაობასაც კი ძალიან დადებითი შედეგი აქვს ბავშვებზე.
ხელნაკეთი, ნატურალურად სუფთა ქსოვილებისგან დამზადებული კარვები და საქანელები მის სხვა ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ანალოგებზე ბევრად სასარგებლო და დახვეწილია.
ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით.
დიდი გამოწვევა იყო კოვიდ პანდემია. ამ პერიოდში შეუძლებელი გახდა საჭირო მასალების შეძენა, ამიტომაც, მუშაობა ძალიან გართულდა. ამასთან ეს იყო პერიოდი, როცა სახლში ყოფნის გამო კარვის შეძენა ბევრმა მოინდომა. ჩვენ კი შეფერხებით მოგვიწია საქმიანობა.
გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში და starta-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილებაზე.
SMEDA სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენთან როცა ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა, არასოდეს დამავიწყდება პირველი გასაუბრება, სადაც შერჩევის კრიტერიუმზე იყო საუბარი და მითხრეს ვირჩევთ ისეთ მცირე ბიზნესებს ვისაც გაზრდის და განვითარების პოტენციალი აქვთო, ეს სიტყვები ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. სმედას ტრენინგები და საოცარი ინდივიდუალური მენტორინგი გამოგვადგა ყველა მიმართულებით და ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ აქ მიღებული ცოდნა და სწორი რჩევა-დარიგებები. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის სმედას გუნდს.
რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.
ამჟამად ვმუშაობთ საიტის შექმნაზე, ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტზე მუშაობას. გვსურს, სოციალური ქსელების მიღმაც გვქონდეს ჩვენი სივრცე და უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანამდე მივაწვდინოთ ჩვენი ხმა.
რა რჩევას/რეკომენდაციას მისცემდით იმ ხალს, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
ყველაზე მთავარი რასაც ვურჩევდი, გარისკვაა. როდესაც რაღაც იდეა ჩნდება, ნუ დაიწყებთ ლოდინს, იმოქმედეთ. თუ თქვენ ამას არ იზამთ, სხვა აუცილებლად გააკეთებს და ნუ შეგეშნდებათ სირთულეების, მთავარია ნაბიჯი გადადგათ!
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე