შეუერთდი საქმიან სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე
ვაინესი ქართული საფერავია, რომელიც გვაკავშირებს, ქმნის ემოციებს და ამბობს შენს სათქმელს. ადამიანებს გულწრფელობისა და იმ ემოციის გამოხატვისკენ უბიძგებს, რასაც ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ვგრძნობთ. ვაინესის თანადამფუძნებელი ანა ქურდაძე გვესაუბრება უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ…
როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება ვაინესის ისტორია.
Სამი წლის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა, დავითმა, გადავწყვიტეთ, რომ ღვინო აგველაპარაკებინა. მოგეხსენებათ, Საქართველოში ღვინის ტრადიციას დიდხნიანი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში გაჩენილი დამოკიდებულების გამო მხოლოდ და მხოლოდ აღიქმებოდა როგორც სასმელი, რომელიც იწვევს თრობას. ჩვენ გვინდოდა ღვინო ახალი კულტურული ფორმატით შემოგვეტანა თუნდაც ახალგაზრდა თაობაში მაინც, აგველაპარაკებინა ჩვენი საფერევი, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ფხიზელ გონებაზე უჭირს თავისი სათქმელის თმა. ჩვენი ღვინით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ის თქვას, რაც რეალურად უნდა რომ თქვას, თუმცა უჭირს ხშირ შემთხვევაში.
დავიწყეთ 5 ღვინით, რადგან არ ვიცოდით როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი და რამდენად მოეწონებოდა აუდიტორიას. სამი წლის განმავლობაში კი ნელ-ნელა ვიზრდებოდით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეტიკეტირებას და შეფუთვას არ ვაქცევთ ყურადღებას. გარდა იდეებისა და ღირებულებებისა, რაც თვითონ ღვინოში იდება, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც. ღვინო იწურება სპეციალურად ვაინესისთვის ძველ ანაგაში და არის ქვევრის საფერავი.
რატომ არის ვაინესის არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის.
პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ვაინესი არის ღვინის კომპანია, ჩვენ ვქმნით სოციალურ სივრცეს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის უსაფრთხოს ქმნის ისაუბრონ თავიანთ ემოციებზე, გამოცდილებებსა და ფიქრებზე. შესაბამისად, ვაინესი ძალიან ბევრი ადამიანის ისტორიას იზიარებს. მისი მთავარი მესიჯიც ეს არის, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც არიან და აუცილებელია ყველაფერზე წინ დააყენონ მენტალური ჯანმრთელობა. ვაინესში ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ საკუთარ თავთან.
ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით.
გვქონდა უამრავი ტექნიკური სირთულე, რომლებთან გამკლავებაც ალბათ ნებისმიერ მეწარმეს უწევს გარკვეულ ეტაპზე. ვაინესის არსებობის საწყის ეტაპზე იმდენად ერთფეროვანი პოსტები გვქონდა, ყველას ეგონა, რომ ჩვენი ღვინო იყო მხოლოდ სიყვარულზე და მხოლოდ რომანტიული ურთიერთობების გარშემო ვტრიალებდით. არადა რეალურად ასე არ არის, ვაინესი შეგიძლია შენი თავისთვისაც დაამზადო, შეგიძლია შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებსა და სხვა ბევრ ვინმეს გაუზიარო.
ბევრმა არ იცის, რომ რეალურად ღვინის კომპანია ვართ. იმდენად ვიზუალური თხრობის სტილი გვაქვს, იმდენად ხშირად ვსაუბრობთ თუნდაც მენტალურ ჯანმრთელობაზე, ბევრს ავიწყდება, რომ ჩვენი პროდუქტი არის ღვინო. ნელ-ნელა ღვინო უფრო წინ წამოვწიეთ, რადგან ადამიანებს არ ახსოვდეთ ვაინესი მხოლოდ რაღაცა სივრცე, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ან ურთიერთობებზე წერს, ან თუნდაც როგორც ლამაზი ეტიკეტები. ბევრს უკითხავს თვითონ უნდა მოეტანა თუ არა ღვინო, ეგონათ რომ ჩვენ მხოლოდ ეტიკეტებს ვაკეთებთ.
გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
პირველ რიგში მივხვდი, რომ კომპანიაში ყველაფერი მე არ უნდა მეკეთებინა. SMEDA დამეხმარა იმაში, რომ ის ძალიან დიდი არეალი, რასაც ბიზნესი აერთიანებს, უკეთესად გამეცნო, მენახა ადამიანები, რომლებიც გაცილებით კარგად გააკეთებდნენ იმ საქმეს, რასაც 24/7-ზე მე ვაკეთებდი. ეს რეალურად დამეხმარა იმაში, რომ უფრო მეტი დრო მქონოდა და ბიზნესის განვითრებაზე უფრო მეტად მეზრუნა. ნეთვორქინგის მხრივაც ძალიან კარგი შესაძლებლობები მომცა, მომაწოდეს იდეები, რომლებზეც ახლა აქტიურად ვმუშაობთ.
SMEDA-ს დამსახურებით ახლა უკვე ვმუშაობთ, რომ ვებ გვერდი ავაწყოთ. იქედან გამომდინარე რომ ვაინესი ონლაინ მუშაობს, ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელია არ უწევდეს უშუალოდ მოწერა და შეეძლოს პირდაპირ საიტიდან შეკვეთა. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ღვინო ფრენჩაიზინგით გავიტანოთ საზღვარგარეთაც.
დაფინანსების მოძიების კონსულტაციები, სოციალური მედიის მართვაშიც ძალიან ბევრი დეტალი იყო, რომელიც ვიცოდი რომ გვაკლდა, თუმცა SMEDA-ს წყალობით თანდათან შევავსე.
რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.
გარდა იმისა, რომ ვაინესში მთავარი პროდუქტი არის ღვინო, სეზონურად ყოველთვის ვამატებთ ახალ-ახალ პროდუქტებსაც, რომლებიც სიახლეს შემოიტანს ხოლმე ჩვენს ბიზნესში. მანამდე გვქონდა მაისურები, ჰუდები, ბარათების ნაკრები - “დასაწყისი” და ა.შ, რომელიც ავსებს ჩვენს კომპანიას.
ჯერჯერობით არავინ იცის, ვაპირებთ, დავამატოთ დღურები. ეს დღიურები გაფორმებული იქნება ვაინესის დიზაინით, წარწერებით, პოსტერებით, ძალიან ბევრი იდეებით და მომხმარებელს შეეძლება თავისი ამბებიც ჩაწეროს შიგნით. სწორედ ახლა ვართ მზადების პროცესში.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ძალიან გვინდა ვაინესს თავისი ფიზიკური სივრცეც ჰქონდეს, რომელიც არ იქნება მხოლოდ ღვინის ბარი, არამედ სოციალური სივრცეც. დავგეგმოთ ივენთები, ხალხს გავაცნოთ ჩვენი თავი და სურვილის შემთხვეევაში თითონაც გაგვიზიარონ ისტორიები.
ვფიქრობთ, ვაინსესს თავისი ტემპი აქვს, ბევრ რაღაცას არ ვაჩქარებთ, მივყვებით იმას, რაც გვჯერა რომ სწორი არის ჩვენი კომპანიისთვის. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გაზრდას და განვითარებასაც ვფიქრობთ.
რა რჩევას/რეკომენდაციას მისცემდით იმ ხალხს, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
რეალურად რატომაც მე ჩემი ბიზნესი დავიწყე და დღემდე ვაკეთებ ამ საქმეს, არის ის, რომ ნებისმიერ მომენტს შენს ცხოვრებაში შენვე ირჩევ და განაგებ. არ არიან გარშემო ადამიანები, რომლებიც გიგეგმავენ თუ რა უნდა გააკეთო შემდეგ. ჩემთვის, დამოუკიდებლობის განცდაზე უფრო მაგარი რამ არ არსებობს. შესაბამისად, მგონია, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
დასაწყისისას მთავარია იპოვო იდეა, რომლისაც ბოლომდე გჯერა. არ არის საჭირო ეს იდეა თავიდანვე სრულყოფილი იყოს, შეგიძლია დაიწყო მცირედით, მთავარია მალე დაიწყო და მერე უკვე პროცესში გაიგებ ყველაფერს რა და როგორ უნდა აკეთო. მე ყველაზე მეტად სწორედ ეგ დამეხმარა, რომ თავიდანვე არ მქონია დიდი მოლოდინები, რეალურად ძალიან ბევრი რაღაც არის შესაცვლელი, მაგრმ ნელ-ნელა ყოველთვის მიდიხარ ამის სრულყოფისაკენ. ასე რომ, მთავარია დაიწყო, მთავარია მოტივაცია გქონდეს ამ ყველაფრის კეთების და მთავარია არ დანებდე.
წევრობის მიღების შემთხვევაში თქვენ წვდომა გექნებათ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ინფორმაციაზე